ვარკეთილში 41 წლის მამაკაცი გვიან ღამით მეგობარმა დაჭრა. თვითმხილველების თქმით, დაპირისპირებას და სროლას წინ სიტყვიერი კამათი და ჩხუბი უძღოდა. მიმდებარე ტერიტორიაზე ორი გასროლის ხმა გაიგეს.
დაჭრილი მალევე გადაიყვანეს ინგოროყვას კლინიკაში. მილორავას ტყვია ფეხის არეში მოხვდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.
უცნობია რა გახდა შელაპარაკების მიზეზი, თუმცა ნაცემია დაჭრილის ძმაც. ადგილობრივების ცნობით, დაჭრილი კობა მილორავა დისტრიბუტორია, ხოლო თავდამსხმელი, რომელიც ძმებს ფიზიკურად გაუსწორდა, მათი მეგობარია.
თავდამსხმელი, რომელიც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, პოლიციამ რამდენიმე საათის შემდეგ დააკავა.
გამოძიება ორი მუხლით: ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქად დაზიანებისა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა- ტარების მუხლით მიმდინარეობს.