"მთავრობის მეთაურს ხმა აქვს გაბზარული" - ასე გამოეხმაურა ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებებს.
როგორც გრიგოლიამ აღნიშნა, ეს არ იყო "ის ღარიბაშვილი", რომელიც რამდენიმე დღის წინ მედიას "გონორით ელაპარაკებოდა".
"ირაკლი ღარიბაშვილს ამდენი წელია ვუყურებ, კარგად ვიცნობ მას და დღეს როდესაც მისი ხმა მოვისმინე, მივხვდი, რომ მთავრობის მეთაურს აქვს ხმა გაბზარული. ეს არ არის ის ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც რამდენიმე დღის წინ გონორით გველაპარაკებოდა", - განაცხადა გრიგოლიამ.
მან მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებზეც ისაუბრა და თქვა, რომ საინტერესოა, როგორ აპირებს მმართველი გუნდი კრიტიკულ მედიასთან ბოიკოტის რეჟიმში საარჩევნო კამპანიის ჩატარებას.
"გვკეტავენ ყველგან, არ გვიშვებენ ხელისუფლების წარმომადგენლებთან. წინასაარჩევნო კამპანია რომ იწყება და რამდენჯერმე რომ მოუხდათ გადადება, მაინტერესებს კახი კალაძე ასე აპირებს საარჩევნო კამპანიის ჩატარებას. მას ვიცნობ ბევრი წელია. იმ წლებიდან, ფეხბურთელი რომ იყო, სანამ ხელისუფლებაში მოვიდოდა და ერთერთი გადაწყვეტილების მიმღები პირი გახდებოდა. მე ასეთ კალაძეს არ ვიცნობ დღეს რომ ღარიბაშვილმა ჩაგვიკეტა გზა, ასე რომ ჩაგვიკეტოს. ასე შეუძლებელია. ჩვენ ვიცით როდის იკეტება ხელისუფლება, როცა მათ პასუხი არ აქვთ არაფერზე", - თქვა ინგა გრიგოლიამ.
პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ჯარის ქალაქის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა და იქ მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებელი, "იმედი", "რუსთავი 2" და "პოს ტვ" მიიწვია. ამის შემდეგ კი პრემიერის პრესსამსახურმა განმარტა რომ ღარიბაშვილი თვლის, რომ „მთავარმა არხმა", „ტვ პირველმა" და „ფორმულამ" ყველანაირი წითელი ხაზი გადაკვეთეს.
ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე ჟურნალისტების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია იწყება. მთავარი მოთხოვნაა, კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებიც 5 ივლისს ჟურნალისტებს თავს დაესხნენ. ასევე, აქციის მონაწილეები ითხოვენ, გადადგეს პრემიერი, მისი მთავრობა და სუს-ის ხელმძღვანელი.