ოპოზიციური პარტიები მაჟორიტარებზე შეთანხმებას იწყებენ. გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალი პარტიები კონსულტაციებს სავარაუდოდ ჯერ ცალცალკე გამართავენ, ერთიან სტრატეგიაზე კი საერთო შეხვედრაზე შეთანხმდებიან.
ოპოზიცია ამბობს, რომ 8 მარტის შეხვედრის პირობების შესრულების შემდეგ, ყველაზე მთავარი ერთიანი სტრატეგიის შენარჩუნება და ივანიშვილის რეჟიმთან ერთიანი ფრონტით დაპირისპირება იქნება.
რეაქცია, რასაც მთავრობა აძლევს, ის, რომ პრეზიდენტი პირადად ესხმის თავს ძალიან პატივსაცემ ევროპარლამენტარს, არის უბრალოდ კიდევ ერთი ნიშანი ჩვენი პარტნიორებისთვის, რა მძიმე ვითარებაა შექმნილი, ამის დასტურია კინზინგერის დღევანდელი განცხადებაც. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ოპოზიციამ აჩვენოს ერთიანი ფრონტი, დაიცვას ეს ხაზი, კარგად დაადასტუროს, რომ რურუას გათავისუფლების გარეშე, ჩვენი მხრიდან არ იქნება საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერა და 8 მარტის შეთანხმება ჩაშლილად ჩაითვლება, - ამბობს პარლამენტის ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე სალომე სამადაშვილი.
დღეს პარტიები "ახალი საქართველოს" ოფისში შეიკრიბებიან და იმსჯელებენ, რა მთავარი გზავნილები და გეგმა ექნებათ. შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა სწორედ მაჟორიტარების საკითხი იქნება. ოპოზიციური პარტიები ფიქრობენ, რომ მაჟორიტარულ ოლქებში მათ ერთმანეთს კონკურენცია არ უნდა გაუწიონ.
ოპოზიციის დღევანდელ შეხვედრაზე ქვეყნის უმძიმეს ეკონომიკურ ვითარებაზე და აქედან გამოსავალზეც იმსჯელებენ.