ხელისუფლება გიორგი რურუასთან მიმართებაში დათმობაზე წასვლას არ აპირებს. მთავრობის წევრების თქმით, 8 მარტის შეთანხმება ერთ ადამიანს არ უნდა გადაყვეს და თუ ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს, ეს მთლიანად ოპოზიციის პასუხისმგებლობა იქნება. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ის მაინც გაიმარჯვებს, რა სისტემითაც უნდა მოხდეს არჩევნების ჩატარება.
თუ ისინი გადაწყვეტენ და სხვასაც აიყოლიებენ ოპოზიციიდან, და ისევ დარჩება 77-73-ზე, ამ შემთხვევაშიც ძალიან მყარად მოვიგებთ, უფრო დიდი უპირატესობით. თუ ერთ ადამიანზე, ერთ კრიმინალზე ჩამოკიდებენ ამ პროცესს და იტყვიან, რომ თუ ის არ გათავისუფლდა, მხარს არ დავუჭერთ, ეს მათი საქმეა, - ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე.
მათ შეუძლიათ დატოვონ მათი საყვარელი სისტემა, რომელსაც უფრთხილდებოდნენ თავის ხელისუფლებაში ყოფნისას, ჯერ როცა იყვნენ ხელისუფლებაში შევარდნაძის დროს, მერე როცა მთლიანად მოვიდნენ მთავრობაში. ჩვენ სრული პასუხისმგებლობით მოვეკიდებით ამ საკითხს, ივნისის ბოლოს სამი მოსმენით გავა კენჭისყრაზე და ჩვენი მხრიდან იქნება სრული მხარდაჭერა, - ამბობს ირაკლი კობახიძე.
ქართული ოცნების წევრები გიორგი რურუას გათავისუფლებაზე ამბობენ, რომ ეს მართმსაჯულებაში ჩარევა იქნება, შესაბამისად, არავის გათავისუფლებას არ აპირებენ.