საქართველოს საკანონმდებლო ორგანოსთან პოლიციის კორდონისა და ძალოვანი უწყების განსაკუთრებული მობილიზების ფონზე პროტესტის გამოსახატად იკრიბებიან ჟურნალისტები და მედიამენეჯერები.
პარლამენტთან იმყოფება "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, რომელიც ამბობს, რომ დღეს მიმდინარე პროცესებიც კი ცხადყოფს, რომ "შეშინებული "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში დიდხანს ვერ დარჩება".
"გომელაურთან შეკითხვები მხოლოდ რიტორიკულია, გასაგებია ისედაც ყველაფერი, მაგრამ კითხვის დასმის უფლება გვაქვს როგორც ჟურნალისტებს, ასევე, რიგით მოქალაქეებს პარლამენტი არსებობს ამისთვის. ხელისუფლების დიაგნოზია, რომ შს მინისტრს ეშინია ჩვეულებრივი, რიგითი მოქალაქეების, ჟურნალისტები იქნებიან ესენი თუ სხვები, პრემიერმინისტრს ეშინია და საპარლამენტო უმრავლესობას ეშინია. შეშინებული ხელისუფლება დიდხანს ქვეყნის სათავეში ვერ იქნება, გამორიცხულია, ბუნების კანონია უბრალოდ. წყალგამყოფი არსებობს, აქეთ არის ნათელი ქართველი ხალხის მხარეს და იქით არის ბნელი, წყალგამყოფი ხაზის სხვადასხვა მხარეს იმყოფება ხალხი და ხელისუფლება",- ამბობს ნიკა გვარამია.
ნიკა გვარამიამ კომენტარი პარლამენტში საშვების შეზღუდვასთან დაკავშირებითაც გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს არის "ქართული ოცნების" შიშის დეკლარაცია", მაგრამ კრიტიკული კითხვებს "ოცნება" ამ მეთოდით ვერ გაექცევა. მისი თქმით. ამას გააკეთებენ პარლამენტში მყოფი პოლიტიკოსები და ჟურნალისტები.
შეგახსენებთ, რომ 12:00 საათზე, შს მინისტრის პარლამენტში მისვლის პარალელურად მედიის წარმომადგენლები საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქციას გამართავენ.