"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ეთიკის საბჭოს მოუწოდებს, რომ "ქართული ოცნების" დეპუტატების მიერ თინა ბოკუჩავაზე ძალის გამოყენების ფაქტზე მოკვლევა დაიწყოს. პარტიის მოთხოვნაა, შალვა პაპუაშვილსა და ლევან მგალობლიშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება დაუყონებლივ შეუწყდეთ.
"მივმართავ ეთიკის საბჭოს, დაიწყოს მოკვლევა შალვა პაპუაშვილისა და ლევან მგალობლიშვილის მხრიდან, ძალადობის ფაქტზე, რომ მათ შეუჩერდეთ სადეპუტატო უფლებამოსილება",- თქვა ზაალ უდუმაშვილმა.
პარლამენტში დღეს ვახტანგ გომელაური მივიდა 5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით. მას ჟურნალისტები და ოპოზიცია საპროტესტო პერფორმანსით დახვდა, რასაც დარბაზში ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.
თინა ბოკუჩავა პარლამენტის თავმჯდომარესთან, კახა კუჭავასთან მისვლას ცდილობდა, რა დროსაც ის ტრიბუნიდან პაპუაშვილმა ძალით გამოიყვანა.
ბოკუჩავას თქმით, ძალადობაში მონაწილეობდა "ოცნების" კიდევ ერთი დეპუტატი ლევან მგალობლიშვილი.