ოპოზიციონერი დეპუტატი დავით ბაქრაძე ამბობს, რომ პარლამენტში უფრო მწვავე დაპირისპირებები ყოფილა, თუმცა სხდომა ამ მიზეზით არასდროს გადადებულა.
ბაქრაძის თქმით, სხდომის შეწყვეტასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის გადაწყვეტილება იმის ნიშანია, რომ ხელისუფლება მორალურად ჩამოშლილია და მათ მშვიდობიანი პროტესტის ატანაც არ შეუძლიათ.
"მე დიდი ხანია პარლამენტის წევრი ვარ და ამ დარბაზს ახსოვს უფრი მძიმე დაპირისპირებაც, მათ შორის ფიზიკური დაპირისპირებებიც. ახსოვს უფრო მძაფრი პროტესტებიც, მაგრამ სხდომები გრძელდებოდა. ის, რაც მოხდა დღეს ნიშნავს, მხოლოდ ერთ რამეს, იმდენადაა ხელისუფლება მორალურად დემორალიზებული და ჩამოშლილი, რომ მათ არ შეუძლიათ ჟურნალისტების მხრიდან ბანერით, მშვიდობიანი და ცივილური ბანერით გამოხატული პროტესტის ატანაც კი",-თქვა დავით ბაქრაძემ.
დღეს, 18 ივლისს პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრისთვის, ვახტანგ გომელაურისთვის უნდა მოესმინათ, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით სხდომა აღარ გაგრძელდება.
გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ჟურნალისტებმა და ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პარლამენტში ლექსო ლაშქარავას საქმეზე დამნაშავეების დასჯისა და მთავრობის გადადგომის მოთხოვნით ბანერები მიიტანეს.