უმძიმესი პოლიტიკური სილა ბიძინა ივანიშვილს და წითელი ბარათი "ოცნების" ხელისუფლებას საპარლამენტო არჩევნების წინ - ევროპარლამენტში გამართულ კრიტიკულ დებატებს ოპოზიცია აფასებს. "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ მრავალწლიანი პრაქტიკის მიუხედავად, მსგავსი მწვავე გზავნილები ევროპარლამენტისგან არ ახსოვს. სამადაშვილის თქმით, გიორგი რურუას გათავისუფლება დღეს პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილის და ხელისუფლების ინტერესებშია.
არანაირი გამოსავალი არ აქვს დღეს ხელისუფლებას გარდა იმისა, რომ დაუყოვნებლივ მოხსნას წნეხი სასამართლლოზე. ეს არის დღეს ხელისუფლების და პირადა ბიძინა ივანიშვილის საუკეთესო ინტერესებში, რომ მოუსმინოს იმ გზავნილებს, რაც დღეს გაჟღერდა ევროპარლამენტში. მე არ მახსოვს ჩემი მრავალწლიანი პრატქიკიდან ევროპარლამენტთან ურთიერთობის, რომ რომელიმე ერთი კონკრეტული საქმე ამდენჯერ და ამდენი სიმწვავით მოხსენიებული იყოს ევროპარლამენტის მხრიდან,- აცხადებს სამადაშვილი
პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი და "ოცნებიდან" დემარშით წასული დეპუტატი ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ ევროპარლამენტარებისგან კრიტიკის თავიდან არიდება ციხიდან პოლიტპატიმრების დროული გათვისუფლებით იქნებოდა შესაძლებელი.
ყველაზე მთავარი ინდიკატორები, რომლითაც ჩვენი დასავლელი პარტნიორები განსაზღვრავენ საქართველოსთან ურთიერთობის ხარისხს ეს არის სასამართლო, არჩევნები და საარჩევნო სისტემა, მართლმსაჯულების გამოყენება პოლიტიკური ნიშნით. შეიძლებოდა ამ ყველაფრის არიდება იმით, რომ უფრო ადრე მომხდარიყო გათავისუფლება იმ პირების, რომელიც გახდა შესაწყალებელი, არ მომხდარიყო არ ფორმით სამართლებრივი მექანიზმების გამოყენება,- განაცხდა ბესელიამ.
"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა "-ს თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, საერთაშორისო თანამეგობრობა დაპირებების უხეშად დარღვევას არავის პატიობს და მსგავსი მწვავე კრიტიკა ევროპარლამენტარებისგან მოსალოდნელი იყო.
საერთაშორისო თანამეგობრობა არავის არ პატიობს ასეთ უხეშ გადაგდებას და თან ორჯერ გადაგდების მცდელობას. არავის არ პატიობს იმას, როდესაც ხედავს, რომ ადამიანებს მიუხედავად იმისა, მოგვწონს ესა თუ ის ადამიანი თუ არა, დევნიან პოლიტიკური აქტიურობის გამო და არავის არ პატიობენ თვალში ნაცრის შეყრას,- აცხადებს ნინო ბურჯანაძე.
ევროპარლამენტის მკაცრი გზავნილების და წითელი ბარათის შემდეგ მმართველ გუნდში განმარტებები არ გაკეთებულა.
ევროპარლამენტში საქართველოს თემაზე გამართული დებატები დღეს დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში გრძელდებოდა. გამომსვლელები ერთმანეთის მიყოლებით ქვეყანაში ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლების აუცილებლობაზე საუბრობდა.