კორონადიქტატურის დამყარების მცდელობა - რა კანონს განიხილავს ხვალ პარლამენტი

გამოქვეყნდა:

კორონადიქტატურის დამყარებისა და პარლამენტის ბოლომდე დემონტაჟის მცდელობა - ასე აფასებენ ოპოზიციონერები დღეს პარლამენტში შეტანილ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც მთავრობას მიეცემა უფლებამოსილება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე დააწესოს სხვადასხვა შეზღუდვები.

პრემიერის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ უნდა დაიწყოს ეკონომიკის გამოცოცხლება და ბიზნეს აქტიურობის გაჩენა, კვლავ არსებობს ეპიდემიოლოგიური რისკები და მმართველი გუნდი სწორედ ამიტომ იღებს მოცემულ გადაწყვეტილებას.

უნდა გვესმოდეს ერთი რამ, რომ ჩვენი წარმატების ფასი იქნება ნული, თუ ჩვენი გაუაზრებელი, სწრაფი და ყოვლისმომცველი შეზღუდვების ერთბაშად მოხსნით ქვეყანას და მისი შემდგომი ეკონომიკური აღორძინების საქმეს რისკის ქვეშ დავაყენებთ. ამიტომ ჩვენ ეს შეზღუდვები გვჭირდება, ამავე დროს საგანაგებო მდგომარეობა და კომენდანტი საათი არ გვჭირდება, - ამბობს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია.    

ხელისუფლების წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ მთავრობას უნდა მიეცეს უფლება საგანგებოს  გამოცხადებისა და პარლამენტის ნებართვის გარეშე მიიღოს გარკვეული შეზღუდვები, მათ შორის ჩაკეტოს კონკრეტული რეგიონების ადმინისტრაციული საზღვრები, აკრძალოს კონკრეტულ ადგილებში თავშეყრა და დააწესოს სხვა სახის რეგულაციები. 

ეპიდვითარებიდან გამომდინარე, აუცილებელია მინიმალური შეზღუდვების გარკვეული დროით შენარჩუნება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე. ამისთვის აუცილებელია დაზუსტდეს არსებული კანონმდებლობა, რის მიხედვითაც მთავრობას ექნება უფლებამოსილება, შეინარჩუნოს რიგი შეზღუდვები, მათ შორის, საზღვრების ეპიდკონტროლი, საკარანტინო სივრცეების მართვა, პირბადეების ტარება, ფიზიკური დიტანცირება და ა.შ., - ამბობს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე.

ოპოზიცია ფიქრობს, რომ ამ შეზღუდვების მიზანი წინასაარჩევნო პერიოდში ოპოციის თანაბარი და სამართლიანი გარემოს გარეშე დატოვებაა. მათი თქმით, სახეზეა ქვეყანაში ისეთი მდგომარეობის მაქსიმალურად დიდხანს შენარჩუნება, სადაც მთავრობა თავის ნებაზე აწესებს შეზღუდვებს. ოპოზიციონერები ამტკიცებენ, რომ ამ კანონპროექტის მიღება საბოლოოდ დააკნინებს საქართველოს პარლამენტის უფლებასილებებს.

ოცნება ცდილობს, რომ პრაქტიკულად კანონგარეთ გავიდეს და ის არალეგიტიმური ქმედებები, რაც ვიხილეთ ბოლო თვეების გამო, როცა ადამიანების უფლებები იყო პრაქტიკულად ნულამდე შეზღუდული კოვიდ 19-ის გამო, მათ უნდათ, რომ ეს უფლებები შეინარჩუნონ არჩევნების ბოლომდე. ვფიქრობ, რომ ეს არჩევნების შედეგებს წინასწარვე ლეგიტიმაციის გარეშე აყენებს, - ამბობს პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი დავით ჭიჭინაძე.    

ინიციატივა, რომელიც პარლამენტის ექვს დეპუტატს ეკუთვნის, ბიურომ ხვალ უნდა განიხილოს. თუ საკანომდებლო ორგანო ინიციატივას მიიღებს, ის ძალაში 23 მაისიდან შევა, მას შემდეგ რაც 22 მაისს საგანგებო მდგომარეობა მოიხსნება.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი