მთელის ღამის განმავლობაში ახალგაზრდა იურისტები, რომლებიც ლუკა სირაძის საქმეს იძიებდნენ და მათთვის ამ ტრაგიკული ისტორიის ბევრი დეტალია ცნობილი, საქართველოს პირველი პოლიციელის გადადგომას ითხოვენ. სულხან სალაძე ვახტან გომელაურსა და მის მოადგილეს პოლიტიკურ პასუხიმგებლობას იმიტომ აკისრებს, რომ 15 წლის მოზარდი დედის გარეშე დაკითხვაზე რამდენიმე ეპიზოდის მანძილზე მოხვდა და ამ პროცესში კიდევ 3 პოლიციელი მონაწილეობდა.
პირველი პოლიციელის გადაყენებას ხელისუფლება არ აპირებს, ვახტანგ გომელაურის უწყებიდან ამ ეტაპზე გამოძიება მხოლოდ იმ პოლიციის განყოფილებაში მიმდინარეობს, სადაც მოზარდის დაკითხვა მიმდინარეობდა. ტრაგიკული ფაქტიდან მეორე დღეს "ოცნება" ცდილობს კოლექტიურ პასუხისმგებლობაზე ისაუბროს და დამნაშავედ მთელი საზოგადოება წარმოაჩინოს.
ვინ უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა ტრაგედიაზე, რომელმაც მთელი საქართველო შეძრა და 15 წლის ბიჭი თვითმკვლელობამდე მიიყვანა - შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას ითხოვენ ოპოზიციის წევრები. დამნაშავეები უნდა დაისაჯონ, თუმცა როდესაც ბოლო წლების მანძილზე ლუკა სირაძისა და დემურ სტურუას მსგავსად სამართალდამცვლეთა მხრიდან ძალადობის გამო დაღუპულთა რიცხი იზრდება, პასუხისმგებლობა სისტემის ხელმძღვანელს ეკისრება.
პასუხიმგებლობის დაკისრება მთელ საზოგადოებაზე სრულიად მიუღებელია არასაპარლამენტო პოლიტიკური ძალებისთვისაც. ამის თქმის უფლებას ყველას აქვს ხელისუფლების გარდა, ამბობენ "რესპუბლიკელები". ისინი ვახტან გომელაურის გადადგომას ჯერ კიდევ გუშინ ითხოვდნენ, რატომ არ შეიცვალა სისტემა - ამ ფუნდამენტურ საკითხზე კი პასუხისმგებლობას ისინი ბიძინა ივანიშვილს აკისრებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი კი დავალებას აძლევს შსს-ს, შექმნას არასრულწლოვანზე მორგებული საგამოძიებო გარემო. ასევე, ავალებს ჯანდაცვის და განათლების სამინისტროებს დაუყოვნებლივ ერთი კვირის ვადაში დასახონ სისტემური ხარვეზების აღმოფხვრის გეგმა. გიორგი გახარია ოპონენტებსაც მიმართავს და ამბობს, რომ ლუკა სირაძის ტრაგედია პოლიტიკური მიზნებისთვის არ უნდ გამოიყენონ.