
ახალი დეტალები ყაზახეთის მოქალაქის ასელ აიტპაევას თვითმკვლელობის საქმეში - ყაზახური მედიის ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალის ცხედარზე ექსპერტიზამ მისივე ნათესავის მურად მეირბეკოვის დნმ აღმოაჩნდა, რაც იმას ადასტურებს, რომ 26 წლის ასელ აიტპაევა, რომელმაც თბილისში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, მეირბეკომა გააუპატიურა.
მეირბეკოვი ყაზახეთში დააკავეს, თუმცა ჯერჯერობით მხოლოდ ტრეეფიკინგის ბრალდება აქვს წარდგენილი. გარდაცვლილი ოჯახის წევრები "მთავართან" საუბარში იმედოვნებენ, რომ მათი ნათესავი მკაცრად დაისჯება.
"ჩემი ქალიშვილი მურად მეირბეკოვმა გააუპატიურა, ეს დეენემითაც დასტურდება, მას ამ მუხლით ბრალი წაყენებული არ აქვს, არ ვიცი ყაზახეთის მხარე როგორ მოიქცევა, აქ ჯერ სასამართლო პროცესიც არ არის ჩანიშნული, მინდა, რომ საქართველოს მხარემ გამოიძიოს ეს საქმე, რადგან დანაშაული საქართველოში მოხდა. მჯერა, რომ ასეთ შემთხვევაში გამოძიება ობიექტურად წარიმართებოდა, ეს იქნებოდა მომავალში მაგალითი, რომ მსგავსი რამ აღარ მოხდეს",- თქვა გარდაცვლილის დედამ, ასუს აიტპაევამ.
ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების საქმეზე გაუპატიურების ბრალდებით კიდევ ერთი პირი იყო დაკავებული, თუმცა ბესიკ თორდუა კლინიკა "ვივა მედში" 14 ივლისს გარდაიცვალა, სადაც გლდანის დაწესებულებიდან გადაიყვანეს.
ოფიციალური ვერსიით, 26 წლის ყაზახმა გოგონამ ასელ აიტპაევამ 5 მაისს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შსს-მ 6 მაისს დააკავა ბრალდებული, 57 წლის ბესიკ თოდუა, რომელმაც გამოძიების ინფორმაციით, ის გააუპატიურა. პროკურატურამ კი დაკავებულს ბრალი 7 მაისს წარუდგინა. ბრალდებულს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.
14 მაისს პროკურატურამ ბრალი კიდევ ერთ პირს, ასელ აიტპაევას ნათესავს, მურად მეირბეკოვსაც წარუდგინა. საგამოძიებო უწყების ცნობით, მეირბეკოვმა, რომელმაც ასელ აიტპაევა საქართველოში სამუშაოდ ჩამოიყვანა, გოგონაზე რუსთავში 2-ჯერ იძალადა. უწყება მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს, 2-ჯერ გაუპატიურებას ედავება. დანაშაული 6-დან 8-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სასამართლომ მეირბეკოვს აღკვეთის ღონიძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. პროცედურულად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 15 დღე აქვს იმისთვის, რომ ყაზახეთის მთავრობას მეირბეკოვის ექსტრადირების მოთხოვნით მიმართოს.
ასელ აიტპაევას ოჯახი კი დარწმუნებულია, რომ მურად მეირბეკოვმა, გოგონა საქართველოში მოტყუებით ჩამოიყვანა, იძალადა, გაყიდა, შემდეგ კი მოკლა. 26 წლის ყაზახი ქალი ოჯახის წევრები მოითხოვენ, რომ საქმეს კიდევ ერთი, ტრეფიკინგის მუხლიც დაემატოს.