საქართველო ყველაზე კრიზისული პერიოდის მოლოდინშია - იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში უსწრაფესად და რაც მთავარია, ეფექტური გეგმის განხორციელება არ დაიწყო, დღეს არსებული ეკონომიკური კრიზისი მხოლოდ დასაწყისი იქნება. საერთაშორისო სავალუტო ფონდი "ქართულ ოცნებას" აფრთხილებს, დააჩქაროს ვაქცინაციის ტემპები, რადგან სწრაფად მუტირებადი ვირუსი დღეს არსებული მდგომარეობის ფონზე ქვეყნის ეკონომიკისთვის განაჩენი იქნება.
საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს მთავრობას ქვეყანაში COVID-19-ის წინააღმდეგ ვაქცინაციის ტემპის დაჩქარებისკენ მოუწოდებს. ფონდის შეფასებით, თუკი არ გაიზრდება ყოველდღიურად აცრილთა რაოდენობა, მაშინ საქართველო წლის ბოლოსთვის მოსახლეობის 60%-ის აცრას ვერ შეძლებს. შესაბამისად, ახალი შტამების ფონზე ვაქცინაციის შეფერხებამ შეიძლება კვლავ შეაფერხოს ეკონომიკის აღმავლობა, თუ ახალი შეზღუდვების შემოღება გახდა საჭირო და ასევე შეამციროს საგარეო მოთხოვნა.
ხელისუფლება კი კრიზისს არ აღიარებს და საერთაშორისო დონორების გაფრთხილების მიუხედავად, თავს იწონებს, რომ ქვეყანაში სწრაფი ეკონომიკური ზრდა გვაქვს და ვაქცინაც საჭიროზე მეტია.