გზა კორონადიქტატურისკენ - მთავრობა ეპიდემიას საკუთარი პოლიტიკური მიზნისთვის იყენებს

გამოქვეყნდა:

დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განიხილეს დიმიტრი ხუნდაძის კანონპროექტი, რომლითაც მთავრობა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე რეგულაციების გამკაცრების უფლებას ითხოვს.

ჯანდაცვის შესახებ კანონის ახალი ცვლილებების მიხედვით, მთავრობას სურს, პარლამენტის დაუკითხავად ნებისმიერ მომენტში შეეძლოს დახუროს ქალაქები და საწარმოები, აკრძალოს თავყრილობები და მოქალაქეებს ჩამოართვას ქონება.

ქართულ ოცნებაში ამტკიცებენ, რომ მათ ეს შეზღუდვები სჭირდებათ, თუმცა ამ უფლებებით მთავრობა მხოლოდ და მხოლოდ კორონა ვირუსის ეპიდემიის ხელახალი გამწვავების შემთხვევაში ისარგებლებს. ახალი ინიციატივის თანახმად, პარლამენტის წევრები თავისივე  უფლებამოსილების ნაწილს გიორგი გახარიას უთმობენ და ამას მმართველი გუნდი დაღლილობით ხსნის. 

ადამიანები დაიღალნენ, ჩვენც დავიღალეთ, კანონმდებლებიც, ისინიც, ვინც მუშაობს, ვინც არ მუშაობს, არ შეიძლება, კონკრეტული გადაწყვეტილებები ჩამოვკიდოთ პარლამენტის უცებ შეკრებაზე, - ამბობს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე  გია ვოლსკი.

ბიუროს სხდომაზე ნაციონალურ მოძრაობას ისევ ცხრა წელს გაახსენეს.

საგანგებო მდგომარეობაში ნაციონალური მოძრაობა, სამწუხაროდ, ამყოფებდა მთელი იმ პერიოდის მანძილზე, რაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ, - ამბობს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე. 

გზა კორონადიქტატურისკენ  - ასე აფასებენ ხუნდაძის ახალ ინიციატივას ოპოზიციაში და მიაჩნიათ, რომ იდეა მხოლოდ  ივანიშვილის პარტიის  წინასაარჩევნო მიზნებს ემსახურება. მათი თქმით, მთავრობა კორონაპანიკას ისედაც თავის სასარგებლოდ იყენებს, ამასთან ოპოზიციას ეპიდემიური მოსაზრებებით დაუბლოკავს საარჩევნო კამპანიას და  კარანტინს რეპრესიულ იარაღადაც კი გამოიყენებს. 

დღეს რაც უნდა ქართულ ოცნებას, მას უნდა სრული კარტბლანში მისცენ ხელისუფლებას, რომ როდესაც რა მოუნდებათ, ყველანაირი ანგარიშვალდებულების და საპარლამენტო კონტროლის გარეშე ნებისმიერი შეზღუდვა საკუთარი სურვილის მიხედვით განახორციელოს, - ამბობს ევროპული საქართველოს წევრი ლაკა ხოშტარია

ქართული ოცნების გარდა, დეპუტატ ხუნდაძის ინიციატივას მხარს არავინ უჭერს. შენიშვნები აქვთ უმრავლესობიდან დემარშით წამოსულ დეპუტატებსაც.

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისს სრულდება. თუ ქართული ოცნება ხუნდაძის ცვილებებს ერთპარტიულად  მიიღებს, ის ძალაში 23 მაისს შევა და მთავრობას ისევ შეეძლება ახალი აკრძალვები და შეზღუდვები მაშინ დააწესოს, როცა მოუნდება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი