ბიუჯეტიდან რუსული კომპანიიის ანგარიშებზე უკვე მესამე წელია მილიონები ირიცხება. რუსული კომპანია, ქვეყნის რეგიონებში მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ასრულებს. ბოლო დაკვეთა "პასაჟი საქართველომ" ბორჯომის მერიისგან მიიღო. კომპანიას, რომელმაც 2 სოფლში გზები უნდა დააგოს, მილიონამდე ლარი წინასწარ, პროექტის დაწყებამდე გადაერიცხა, რამდენიმე დღეში კი კიდევ ერთ ტენდერში გაიმარჯვა.
რატომ აღმოჩნდა პრიორიტეტული ბორჯომის მუნიციპალიტეტისთვის რუსული კომპანია, რომელიც მიტოვებულ ავტოფარეხშია დარეგისტირირებული, პასუხი "მთავარმა არხმა" დღეს ვერ მიიღო. ქალაქის მერი კამერას დაემალა.
ოფიციალური დოკუმენტებით "პასაჟი საქართველოს" 100 პროცენტიანი წილის მფლობელი კომპანია "პასაჟია", რომელიც თითქმის 8 წელია რუსეთის ფედერაციაში მოღვაწეობს.
რუსული კომპანიის რეგისტრაციის ადგილად ავტოფარეხი მხოლოდ ფურცელზეა, დღეს "მთავარი არხი" კომპანიის ოფისში მივიდა, თუმცა მის მისამართზე ავტოსადგომიც უფუნქციოა. კომპანიას კი, რომლის მისამართიც კი არ იძებნება, ბორჯომის მერიამ ორი სოფლის - ტაბაწყურისა და მოლეთის გზის დასაგებად 2 მილიონ 100 ათას ლარამდე ჩაურიცხა.
რუსულ-ქართული გარიგების უკან კორუფციის ნიშნებს ხედავენ ოპოზიციაში. ბორჯომის საკრებულოს დეპუტატები ამბობენ, რომ ხელისუფლების მხრიდან ოკუპანტის მიმართ ნდობის ეს პირველი მაგალითი არ არის.
საქართველოში რუსული კომპანიების გააქტიურების დინამიკას არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშირისო გამჭირვალობა სწავლობს. აღმოჩნდა, რომ ოკუპანტი სახელმწიფოს წარმომადგენლობითი ორგანიზაციების რაოდენობა სისტემატიურად იზრდება.