დღეს ევროკავშირის საგარეო კომიტეტში საქართველოს შესახებ განხილვა გაიმართა, რომელიც შვედმა დეპუტატმა სვენ მიქსერმა წარადგინა.
საქართველოს საკითხის განხილვისას ევროპარლამენტარებმა საქართველოს 8 მარტის შეთანხმების პირობების შესრულებაზე უარის თქმის გამო ხელისუფლება გააკრიტიკეს და პირდაპირი ტექსტით მოითხოვეს პატიმრობაში დარჩენილი პოლიტპატიმრის, მთავარი არხის ერთ-ერთი დამფუძნებლის გიორგი რურუას გათავისუფლება.
ევროპარლამენტარების შტურმმა საქართველოს ხელისუფლების ლიდერები გააღიზიანა. გიორგი გახარია და ოცნების საპარლამენტო გუნდი ევროპელი პოლიტიკოსების საპასუხო კრიტიკაზე გადავიდნენ. რამდენიმე მათგანმა ჩვეულ სტილში ევროპარლამენტარები ნაციონალებად მოიხსენია.
პოლიტიკური ბრძოლა გრძელდება და ამ ბრძოლაში საკმაოდ ფართოდ არიან ჩართულები სახალხო პარტიის წარმომადგენლები, იგივე ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები, - ამბობს გია ვოლსკი.
სტრატეგიული პარტნიორების მიმართ ოცნების ეს პასუხი ოპოზიციას არ გაკვირვებია. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ წყობიდან გამოსვლის მიზეზი ბიძინა ივანიშვილს გუნდს ჰქონდა, რადგან ასე მწავედ და ამდენჯერ ერთი და იგივე საქმე ევროპარლამენტში საქართველოსთან მიმართებაში არავის უხსენებია.
ეს არის დღეს ხელისუფლების და პირადად ბიძინა ივანიშვილის საუკეთესო ინტერესებში, რომ მოუსმინოს იმ გზავნილებს, რაც დღეს გაჟღერდა ევროპარლამენტში. მე არ მახსოვს ჩემი მრავალწლიანი პრაქტიკიდან, რომ რომელიმე ერთი საქმე ამდენჯერ და ასეთი სიმწვავით მოხსენიებულიყოს ევროპარლამენტის მხრიდან, - ამბობს ნაციონალური მოძრაობის წარმომადენელი სალომე სამადაშვილი.
პოლიტპატიმარ გიორგი რურუას გათავისუფლებაზე მთავრობის უარის შემთხვევაში, ოპოზიცია ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტსა და ამერიკის კონგრესის ჰელსინკის კომიტეტს თხოვნით მიმართავს, რომ რურუას საქმეზე ცალკე მოსმენა გაიმართოს.
ევროპარლამენტარებისგან უფრო მწვავე გზავნილები სავარაუდოდ რამდენიმე დღეში იქნება, როდესაც ევროპარლამენტის სხდომა გაიმართება. თუ როგორ ასრულებს საქართველო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, საგარეო კომიტეტის შემდეგ ევროპარლამენტმა დოკუმენტზე სხდომაზეც უნდა იმსჯელოს.