უგულავა-ოქრუაშვილის გათავისუფლება - პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა დეტალები იცოდა

გამოქვეყნდა:

პრეზიდენტის აღიარება - სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ მთავრობის მეთაურები და ბიძინა ივანიშვილი გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლების შესახებ ინფორმირებული იყვნენ.

ქვეყნის მეთაურის ამ განცხადებით დასტურდება, რომ მმართველი გუნდის ლიდერებმა იცრუეს, როდესაც ამბობდნენ, რომ პატიმრების შეწყალება მათთვის მოულოდნელი იყო. 

გადაწყვეტილების გაჟღერებამდე შევატყობინე კონკრეტულად პარლამენტის თავმჯდომარეს, პრემიერს და ოცნების თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, -ამბობს ზურაბიშვილი.

პოლიტიკური ლიდერების პატიმრობიდან გათავისუფლების დღიდან მმართველი გუნდის ლიდერები ამტკიცებენ, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილების შესახებ არაფერი იცოდნენ. ქვეყნის პრემიერმა კი დღეს თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება მისთვის საწყენია, თუმცა პრეზიდენტს ამის ლეგიტიმური უფლება ჰქონდა.

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კობახიძე კი დღესაც ამტკიცებდა, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილების შესახებ წინასწარ არ იცოდა. 

პრეზიდენტი არის გამიჯნული პოლიტიკური ხელისუფლებისგან და ეს ასეც უნდა იყოს. არ გვქონია პრეზიდენტთან ამ საკითხზე კომუნიკაცია - განაცხადა კობახიძემ. 

დედაქალაქის მერიც ამტკიცებს, რომ პოლიტპატიმრების შეწყალების შესახებ პრეზიდენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე ინფორმაცია არ ჰქონდა.

ანალიტიკოსები კი ფიქრობენ, რომ შესაძლოა პარტიის ლიდერებმა მართლაც არ იცოდნენ სალომე ზურაბიშვილის მიღებული გადაწყვეტილების შესახებ და პრეზიდენტს გადაწყვეტილების გამოცხადება სწორედ ბიძინა ივანიშვილმა დაავალა, რომელმაც დასავლეთის ზეწოლის შემდეგ უკან დაიხია.

კალაძესა და კობახიძეს სახეებზე დაეტყოთ, რომ არაფერი იცოდნენ და შოკი ჰქონდათ ორმაგი, -ამბობს პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე.  

ანალიტიკოსები დარწმუნებულები არიან, რომ პრეზიდენტმაც იცრუა, როცა თქვა, რომ მან საქმის კურსში საპარლამენტო ლიდერები და ბიძინა ივანიშვილი ჩააყენა. პოლიტოლოგები დარწმუნებული არიან, რომ უგულავა-ოქრუაშვილის გათავისუფლების გადაწყვეტილება სწორედ ბიძინა ივანიშვილმა მიიღო, ზურაბიშვილს კი ეს გაახმოვანებინა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი