
"ჩემი პირველი ფიქრი იყო, რომ ცუდადაა მათი საქმე..." - ამბობს თამარ ჩუგოშვილი მმართველი პარტიის ლიდერების იმ განცხადებაზე საუბრისას, სადაც თალაკვაძე-კობახიძემ ფასილიტატორ ელჩებს მიმართეს.
საუბარია, პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძისა და საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კობახიძის იმ განცხადებაზე, სადაც მმართველი პარტიის ლიდერებმა 8 მარტის შეთანხმების ფასილიტატორ ელჩებს მათი განცხადებების დადასტურება მოსთხოვეს. თალაკვაძემ და კობახიძემ ელჩებს მოუწოდეს, დაედასტურებინათ, რომ 8 მარტის შეთანხმებაში პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე საუბარი არ იყო.
"ქართული ოცნების" ყოფილი წევრი, თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ ის დღემდე ვერ ხსნის, რატომ ვერ გათვალა "ქართულმა ოცნებამ", რა რეაქციას გამოიწვევდა დასავლელი პარტნიორების კედელთან მიყენება.
ეს შეცდომა იყო აშკარად. იმხელა შეცდომა იყო, რომელსაც აუცილებლად მოჰყვებოდა ის შედეგები, რაც იყო, ან კიდევ უფრო მძიმე. იმ ყველაფრის გათვალისწინებით, როგორც მივედით 8 მარტის შეთანხმებამდე, რაც მოხდა 8 მარტს შეთანხმების შემდგომ, დრამატულად განვითარდა ვითარება, გასაგები იყო, რომ ფასილიტატორების კუთხეში მიყენების მცდელობა, რომ გამოდით, გინდა თუ არა და თქვით... მათ თავშეკავებულად თქვეს, მაგრამ გამოჩნდნენ სხვები, - ამბობს ჩუგოშვილი.
მისი განმარტებით, შეთანხმების მეორე პუნქტში იმიტომ იყო ბუნდოვანება, რომ ელჩები ცდილობდნენ მმართველი პარტიის იმიჯის შენარჩუნებას და 8 მარტს ჯერ კიდევ არ სურდათ პოლიტპატიმრების ხსენება და სახელებითა და გვარებით მათი დოკუმენტში ჩაწერა.
ტექსტი იყო ბუნდოვანი, რომ არ ყოფილიყო პოლიტპატიმრების ხსენება გვარებით და სახელებით. მაინც იძულებული გახდნენ ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოები და პოლიტიკოსები. ეს არ მოხდებოდა, ის ბრიფინგი რომ არ ყოფილიყო, - ამბობს ჩუგოშვილი.