"ევროპული საქართველო" თბილისის მერს სიცრუეში ამხელს. გიორგი ნონიაშვილმა, რომელიც დღეს ოპოზიციურმა პარტიამ ახალი ანტიკორუფციული ქსელის ხელმძღვანელად წარადგინა, თქვა, რომ "ქართული ოცნება" საკუთარ პიარში ყოველწლიურად 5 მილიონს ლარს, მერიის ოფიციალური Facebook გვერდის რეკლამაში კი 600 000 ლარს ხარჯავს.
მერიაში კი ამტკიცებენ, რომ კახა კალაძის ოფიციალურ გვერდზე განთავსებული პოსტების რეკლამირება მისი პირადი სახსრებით ხდება და ამისთვის საბიუჯეტო თანხები არ იხარჯება.
"ერთ-ერთ მაგალითად ჩვენ ვახსენეთ თბილისის მერიის ხარჯები საკუთარი თავის პიარში, 5 მილიონ ლარს ხარჯავენ დაახლოებით საკუთარი თავის რეკლამირებაში და აქედან 600 000 ლარი მხოლოდ Facebook რეკლამირებაში იხარჯება. ამასთან დაკავშირებით მერიამ წეღან მოგვწერა პასუხი, სრულიად უტიფრად, რომ კახი კალაძე საკუთარ პირად გვერდზე არ აკეთებს მერიის ხარჯებიდან თანხების მოზიდვას რეკლამირებაში, ანუ სახელმწიფო ბიუჯეტის თანხები არ იხარჯება კახი კალაძის პირად გვერდზე რაიმეს დასპონსორებასა და რეკლამირებაში.
მინდა თბილისის მერიას ვუთხრა, რომ კახი კალაძის პირად გვერდზე საერთოდ არ ყოფილა საუბარი, საუბარი იყო თბილისის მერიის ფეისბუკ გვერდზე, მათ შორის და ეს უზარმაზარი თანხები, რომელიც მერიის რეკლამირებაში იხარჯება, შეიძლება მოხმარებოდა ბევრად მეტ კარგ საქმეს, ეს 5 მილიონიც და 600 000 ლარიც შეიძლება მოხმარებოდა უკეთეს საქმეს და არა კახა კალაძის პოლიტიკური კამპანიის წარმოებას, რადგან თავისი არსით მერია რის რეკლამირებასაც ახდენს არის სინამდვილეში ამ წინასაარჩევნოდ კალაძის პოლიტიკური კამპანიის ნაწილი და ამაში გადასახადების გადამხდელები იხდიან ფულს, სამწუხაროდ", - ამბობს ნონიაშვილი.