მოძრაობა "სირცხვილია" თბილისის ქუჩებში ოპოზიციის, კრიტიკული მედიისა და სამოქალაქო აქტივისტების საწინააღმდეგო პლაკატების გაკვრას ეხმაურება და გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ ეს "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია.
ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ოპონენტებისადმი სიძულვილის ფრქვევა და ზიზღით გარემოს გაჯერება მმართველი გუნდის საყვარელი ქცევა.
"სირცხვილია" ასევე ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ასფალტსა და დროებით სამშენებლო ხის ღობეებზე წარწერების გაკეთებისთვის მოძრაობის წევრები არაერთხელ დაჯარიმდნენ.
"მეგობრებო, მოგესალმებით და გაცნობებთ, რომ ქართული ოცნების წინასაარჩევნო კამპანიამ ოფიციალურად აიღო სტარტი და აი ისიც!
ქოცებმა წუხელ ბოტები გადმოსხეს თბილისის ქუჩებში და ეს პოსტერები გააკვრევინეს. პოსტერები გაკრულია ავტობუსის ყველა გაჩერებაზე, თბილისის ყველა რაიონში, რაზეც, სავარაუდოდ, დაიხარჯა უამრავი “გულანთებული ახალგაზრდის” რესურსი, რომლის დახარჯვაც წარმატებით შეიძლებოდა, მაგალითად, ვაქცინაციის საყოველთაო კამპანიაზე.
შეგახსენებთ, რომ ჩვენი მოძრაობის წევრები არაერთხელ ვართ დაჯარიმებული წარწერების გაკეთებისთვის ასფალტზე (!) ან დროებით სამშენებლო ხის ღობეზე (!!!) 1500-დან 2000 ლარამდე თანხით. (ამ წარწერების შინაარსი იყო, მაგალითად, “გვახსოვს, რა ჩაიდინეთ გასულ ზაფხულს” 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ან გია ვოლსკის შეურაცხმყოფელი ციტატა, რომლითაც მან ოკუპაციის მნიშვნელობა აგვიხსნა და ა.შ.)
ჩვენი მოძრაობა სრულად აცნობიერებს მომავალი თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობას და მასთან დაკავშირებულ მმართველი პარტიის ვნებათაღელვებს. ოპონენტებისადმი სიძულვილის ფრქვევა და ზიზღით ჩვენი საცხოვრებელი გარემოს გაჯერება არის ქართული ოცნების საყვარელი ქცევა.
ჩვენი მოძრაობა არის სრულად დამოუკიდებელი, მრავალფეროვანი ადამიანებით დაკომპლექტებული მოძრაობა, დასავლური კავშირებითა და მხარდაჭერით. ჩვენ ვუჭერთ მხარს ყველა პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიას, რომელიც იბრძვის ავტორიტარული ხელისუფლების წინააღმდეგ. ჩვენ ვუჭერთ მხარს თავისუფლებას, საქართველოს დასავლურ მომავალს და მშვიდობას. ზიზღი ვერასდროს გაიმარჯვებს", - ნათქვამია განცხადებაში.
"ქართულმა ოცნებამ" პოლიტიკური ბრძოლის ჩვეულ ტაქტიკას მიმართა და წინასაარჩევნოდ სიძულვილის მანქანა აამოქმედა. არა ნაცებს! არა ბოროტებას! - თბილისის ქუჩებში ამ წარწერებით პლაკატები გამოჩნდა, ოღონდ, ამჯერად ოპოზიციური პარტიის ლიდერების გარდა, ბანერებზე ხელისუფლებისთვის არასასურველი კრიტიკული მედიის მენეჯერებიც არიან.