
კანონპროექტს, რომლის მიხედვით მთავრობას ადამიანის გარკვეული უფლებების შეზღუდვა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება, ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი კატეგორიულად ეწინააღმდეგება. მათი შეფასებით, ასეთი შეზღუდვები არაკონსტიტუციურია. ისინი მოუწოდებენ დეპუტატებს, მხარი არ დაუჭირონ პროექტს, რომელიც დემოკრატიულ მმართველობას მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის.
მთავრობისთვის განუსაზღვრელი უფლებების გადაცემა, ერთი მხრივ, არის ანტიკონსტიტუციური და მეორე მხრივ, არის არადემოკრატიული. ეს არის ძალიან სახიფათო. მთავრობას შეეძლება ამ კანონის მიღების შემდეგ ნებისმიერი სახის გადაწყვეტილებების მიღების გატარება შეზღუდვების თვალსაზრისით. საკარანტინო ზომების მთავრობისთვის გადაცემა ნებდართული უნდა იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი იგი იქნება პარლამენტთან შეთანხმებული, - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, რომან გოცირიძე.
ანტიკონსტიტუციურად მიიჩნევს შეზღუდვების დატოვებას "გირჩის" ლიდერიც. ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ასეთი კანონის მიღების შემთხვევაში, ისინი საკონსტიტუციო სასამართლოს საჩივრით მიმართავენ.
ზოგადად, ეს შეზღუდები თავიდანვე არ იყო შემოსაღები, იმიტომ, რომ მაგ შეზღუდვებს არანაირი კავშრი არ აქვს ვირუსი გავრცელებასთან და პანდემიის შეჩერებასთან. ერთადერთი მიზანი, რაც იყო, იყო ის, რომ პოლიტიკური პიარი ეწარმოებინა ხელისუფლებას. უფლებების შეზღუდვა დაშვებულია მხოლოდ და მხოლოდ კონსტიტუციის საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში. შესაბამისად, ეს ცვლილებები არის არაკონსტიტუციური და თუ მას მიიღებენ, თუ სხვა არა, ჩვენ წავიღებთ საკონსტიტუციოში აუცილებლად, - აცხადებს ჯაფარიძე.