
პანდემიის პერიოდში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვები, შესაძლოა, კორუფციის რისკებს შეიცავდეს - ამის შესახებ "თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" საუბრობს.
არასამთავრობო ორგანიზაციამ სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მიერ 18 მარტიდან 15 აპრილის ჩათვლით განხორციელებული შესყიდვები შეისწავლა. აღმოჩნდა, რომ კომპანიები, რომლისგანაც სახელმწიფო გამარტივებული პირდაპირი შესყიდვის წესით სხვადასხვა პროდუქციასა თუ მომსახურეობას ყიდულობდა, ხშირ შემთხვევაში მმართველი პარტიის შემომწირველები იყვნენ. ასევე, გამოვლინდა კომპანიები, რომლებიც სახელმწიფოსთან ხელშეკრულების გაფორმებამდე რამდენიმე დღით ადრეა დაფუძნებული.
გამარტივებული შესყიდვები, ცხადია, ბევრად მეტი რისკის შემცველია, ვიდრე ელექტრონული ტენდერი. თანხის დაზოგვის კუთხითაც, ცხადია, ეს ტენდერები უფრო მისაღებია, თუმცა ახლა ეს მდგომარეობა, რომელიც ჩვენ გვაქვს, მოითხოვს იმას, რომ სწრაფი რეაგირება მოხდინოს სახელმწიფომ. შესყიდვების ნაწილში ფიგურირებენ შემომწირველი კომპანიები, რაც აჩენს ეჭვს, რომ შეიძლება შერჩევა ხდებოდეს უპირატესობის მინიჭებით ისეთი კომპანიებისთვის, რომლებიც ფინანსურად ეხმარებიან მმართველ პარტიას, - აცხადებს IDFI-ის ანალიტიკოსი, მარიამ გოგიაშვილი.