თბილისში "ქართული ოცნების" პოსტერები ისევ გამოკრულია. არა ნაცებს, არა ბოროტებას - ამ შინაარსის პოსტერები საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოებსა და ლიფტებშიც არის. თბილისის მერიაში ამტკიცებენ, რომ პოსტერების ჩამოხსნა ეტაპობრივად დაწყებულია, თუმცა დაჯარიმებული არავინაა.
"ოცნების" პოსტერებს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც გამოეხმაურნენ, მათი შეფასებით, მსგავსი შინაარსის პლაკატები ძალადობას ახალისებს.
მომხდარს ასევე გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო", განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამგვარი შინაარსის პოსტერების გავრცელება რისკს უქმნის მომავალი საარჩევნო კამპანიის მშვიდ ვითარებაში წარმართვას და ხიფათს წარმოადგენს ჯანსაღი დემოკრატიული პროცესისთვის.
ორგანიზაცია შესაბამის სამსახურებს მოუწოდებს, რომ უზრუნველყონ ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტების უსაფრთხოების დაცვა. პოლიტიკურ ლიდერებს კი მოუწოდებს, რომ გაემიჯნონ მსგავსი შინაარსის პოსტებს.