არჩილ თალაკვაძის ორდღიანი გაუჩინარების შემდეგ მედია მის ბრიფინგზე „ქართულ ოცნებაში“ დაიბარეს, თუმცა ტრიბუნა ისევ ცარიელი დარჩა. პარლამენტის თავმჯდომარის საგანგებო ბრიფინგი, რომელზეც სავარაუდოდ, საარჩევნო პარტიის სისტემის ცვლილებაზე მმართველი პარტიის წინადადება უნდა წარედგინა, გაურკვეველი მიზეზების გამო გაუქმდა.
რატომ ჩაინიშნა ან რატომ გაუქმნდა არჩილ თალაკვაძის ბრიფინგი, უმრავლესობის ლიდერს ამაზე დღეს პასუხი არ ჰქონდა. მამუკა მდინარაძე არც იმას აკონკრეტებდა, რა წინადადებით მიდის მმართველი პარტია ხვალ მოლაპარაკების მორიგ რაუნდზე.
უმრავლესობის ლიდერი დღეს მხოლოდ იმას ამბობდა, რომ არ არის აუცილებელი, რაიმე წინადადება ხვალ მიიტანონ იმისათვის, რომ გამოსავალი მოიძებნოს.
ერთკვირიანი ტაიმ აუტი მოლაპარაკებებზე გადაწყვეტილების მისაღებად „ქართულმა ოცნებამ“ ითხოვა. მმართველი პარტია უარს ამბობს ყველაფერზე - პროპორციულ სისტემაზეც და ე.წ. მრავალმანდატიან ოლქებზეც.
ოპოზიციას არ აქვს მოლოდინი, რომ ხვალ ივანიშვილის უმრავლესობა კონკრეტულ წინადადებას მიიტანს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ „ოცნება“ ახლა მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს.
„ოცნების“ გადაწყვეტილებას რომ დიპლომატიური კორპუსიც ელოდება. ეს დღეს ევროკავშირის ელჩის განცხადებიდანაც ჩანდა. კარც ჰარცელი, რომელიც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მთავარი მომლაპარაკებელია, საგანგებოდ პარლამენტში მივიდა და მოლაპარაკების მეოთხე რაუნდამდე არჩილ თალაკვაძეს შეხვდა.
მოლაპარაკების მეოთხე რაუნდზე ხვალ უმრავლესობის ჯერია. ივანიშვილის გუნდმა პროპორციული სისტემის ჩაგდებისა და საზოგადოების მოტყუების შემდეგ, გასულ კვირას კიდევ ერთი პირობა დადო, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე საკუთარ ვარიანტს პარასკევს წარადგენდა.