ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა საქართველოში რუსი მომღერლის ლევ ლეშენკოს ვიზიტს გამოეხმაურა და თქვა, რომ საქართველო ტურისტებს ყოველთვის მიესალმება, შესაბმისად "აჟიტირება საჭირო არ არის".
თურნავას თქმით, პანდემიის პერიოდში ტურისტების მიღება განსაკუთრებით მისასალმებელია. რაც შეეხება შეკითხვას, დაარღვია თუ არა ლეშენკომ ოკუპაციის შესახებ კანონი, თურნავამ თქვა, რომ ამასთან დაკავშირებით განმარტებებს შესაბამისი უწყებები გააკეთებენ, თუმცა მისი, ინფორმაციით, არ დაურღვევია.
"როგორც ეკონომიკის მინისტრი გეტყვით, რომ ჩვენ ყოველთვის მივესალმებოდით და დღეს განსაკუთრებით, როცა პანდემიაა და ტურიზმი ასეთ დღეშია, მივესალმებით სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ტურისტებს, მათ შორის ჩვენი სამეზობლოდან და მათ შორის რუს ტურისტებსაც, აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ არ არის საჭირო აჟიტირება ასეთი ცალკეული თემის. თუკი არის კანონმდებლობასთან პრობლემა, მიმართეთ შესაბამის ორგანოს. ჩემი ინფორმაციით, არ არის",- თქვა ნათია თურნავამ.
რუსი მომღერლის, ლევ ლეშენკოს საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით ინფორმაცია "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გაავრცელა.
როგორც ნიკა გვარამიამ თქვა, ლეშენკოს ბიძინა ივანიშვილი, ღარიბაშვილის ცოლის ძმა ლექსო თამაზაშვილი და მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი ბექა ოდიშარია მასპინძლობენ.