
პროკურატურის ცნობით, 2020 წლის 6 ნოემბერს მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული ზ.დ. ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 17 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
საქმე ეხება ბათუმში ბელარუსის მოქალაქე ქალის მკვლელობას.
2020 წლის 6 ნოემბერს, ქ. ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ზ.დ-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით, ტ.ჩ-ს დანით სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. ტ.ჩ. მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ზ.დ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ზ.დ. 2020 წლის 13 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა",- წერია პროკურატურის განცხადებაში.
ცნობისთვის, 2020 წლის ნოემბერში ბათუმში, საკუთარ ბინაში, 45 წლამდე ქალის ცხედარი იპოვეს. გვამს მრავლობითი დაზიანებები ჰქონდა მიყენებული. მელიქიშვილის ქუჩაზე ბელარუსის მოქალაქე მისმა მეგობარმა აბაზანაში იპოვა.