"ეს არის ნათელი გაკვეთილი ყველასთვის, ვინც იმავეს აკეთებს ახლა, ივანიშვილის სასარგებლოდ საქართველოში", - ასე ეხმიანება საქართველოს მესამე პრეზიდენტი, უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის, ყოფილ ხელმძღვანელ თანამდებობის პირების სასამართლო პროცესს, რომელთაც ბრალად მიხეილ სააკაშვილის უკანონო გატაცება ედებათ.
"უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის, ყოფილ ხელმძღვანელ თანამდებობის პირებს, გენერალ პიმენოვს და მის მოადგილეს პოლკოვნიკს, ასამართლებენ ჩემი უკანონო გატაცებისთვის. თავის დროზე მათ ბევრი ფული აიღეს პარაშენკოსგან და ბინებიც მიიღეს და წოდებებიც - ჩემი მოტაცებისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისთვის, დამცირებისთვის და ქვეყნიდან უკანონოდ გაგდებისათვის. ახლა ისინი დარჩნენ სამხედრო წოდებების და სამსახურის გარეშე და მათ ემუქრებათ მრავალწლიანი პატიმრობა. ეს არის ნათელი გაკვეთილი ყველასთვის, ვინც იგივეს აკეთებს ახლა, ივანიშვილის სასარგებლოდ საქართველოში!
სისხლის სამართლის საქმე, რომელიც პარაშენკომ აღძრა ჩემს წინააღმდეგ დაიხურა და ახლა მიმდინარეობს პროცესი იმ სისხლის სამართლის საქმის გამყალბებლების პასუხისმგებლობაში მიცემის მიმართულებით და ესეც ნათლად ადასტურებს, რომ დრონი მეფობენ და არა მეფენი და სამართალი ბოლოს მაინც პურს ჭამს", - წერს მიხეილ სააკაშვილი.
ცნობისთვის, უკრაინის სასამართლო უკრიანის სასაზღვრო სამსახურის ყოფილ უფროსსა და მის მოადგილეს ასამართლებს. საქმე ეხება 2018 წლის თებერვალში მიხიელ სააკაშვილის უკანონო გატაცების, წამებისა და ქვეყნიდან უკანონო დეპორტაციის საქმეს.
დაკავებულებს უკვე ჩამორთმეული აქვთ სამხედრო გენერლისა და პოლკოვნიკის წოდებები და ახლა მათ მრავალწლიანი აპტიმრობა ემუქრებათ. როგორც მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები ამბობენ, ბრალდებულები დროის გაწელვას ცდილობენ და იმედი აქვთ, რომ პროცესის დასრულებამდე უკრაინის ხელისუფლება შეიცვლება.