თბილისის მერი, კახა კალაძე დედაქალაქში გამოკრულ სიძულვილის პოსტერებთან კავშირს უარყოფს და ამბობს, რომ "კალაძეს არეულობა, აგრესია, ძალადობა და ქაოსი არ სჭირდება".
დედაქალაქის მერი ამტკიცებს, რომ მას და მის გუნდს სიძულვილის მეთოდებით ბრძოლა არ ჩვევიათ, პლაკატებთან კავშირს კი ცილის წამებას უწოდებს.
"იყო მცდელობა ამ პლაკატების ჩემ საარჩევნო კამპანიაზე პროექცია. სულ მცირე, ლოგიკა არის საჭირო. და პირდაპირ ვიტყვი, რაში სჭირდება კახა კალაძეს არეულობა, აგრესია, ძალადობა ქაოსი. მე და ჩემს გუნდს არ გვჩვევია ამ მეთოდებით ბრძოლა. განსაკუთრებით მაშინ, როცა თბილისის მოსახლეობამ, პირადად მე და ჩემს გუნდს ნდობა გამოგვიცხადა ქალაქის განვითარებისთვის, ეს არის ყველაზე დიდი კაპიტალი რაც კი გაგვაჩნია, ეს არის ჩვენი პიარიც და ჩვენი იარაღი ოპონენტებთან ურთიერთობისას.
ის სიცრუე და ცილის წამება, რასაც ეს დღეებია ვისმენთ, აზარალებს არა კახა კალაძეს ან მერიას ან მერიის უწყებებს, ზოგადად, ჩვენს ქალაქს და თრგუნავს საზოგადოებას, იწვევს ადამიანებში გაღიზიანებას.
მესმის, რომ როცა არჩევნები ახლოვდება, იმატებს ცილის წამება და შეურაცხყოფა, რაც ძალიან საგანგაშოა. იმატებს აგრესია, იმატებს ძალადობა და მინდა ვთხოვო დედაქალაქის მერიის თანამშრომლებს, ჩემს მხარდამჭერებს, ყველა გულშემატკივარს, რომ არავითარ შემთხვევაში ამ აგრესიას და ძალადობას არ უპასუხოთ აგრესიით და ძალადობით. ვაჯობოთ სიძულვილს, აგრესიას და გავაგრძელოთ საქმის კეთება სიყვარულით, როგორც გვჩვევია",- თქვა კახა კალძემ.
არა ნაცებს! არა ბოროტებას! - თბილისის ქუჩებში ამ წარწერებით პლაკატები რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა, ოპოზიციური პარტიის ლიდერების გარდა, ბანერებზე ხელისუფლებისთვის არასასურველი კრიტიკული მედიის მენეჯერებიც არიან გამოსახულები. ბანერებს ჰომოფობიური შინაარსი აქვთ. თბილისის მერიაში ამტკიცებენ, რომ პოსტერების ჩამოხსნა ეტაპობრივად დაწყებულია.