სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს შეიხს მირთაგ ასადოვს საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის დეკრეტის მე-8 მუხლის გაუქმების მოთხოვნით სარჩელი შეაქვს.
სარჩელში აღნიშნულია, რომ 2 მაისამდე დაწერილი ჯარიმები არის ანტიკონსტიტუციური, რადგან პრეზიდენტმა თავის უფლებამოსილებებს გადააჭარბა და ამიტომ ამ თარიღამდე დაწერილი ჯარიმები უნდა გაუქმდეს.
რაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, უამრავ გაჭირვებულ მოქალაქეს ჯარიმები დაუწერეს, ამის მერე ჩვენ სამმართველოს უამრავმა ადამიანმა მიმართა, რომ გამოუვალ მდგომარეობაში არიან და ყველა აცხადებს, რომ ჯარიმები უსამართლოდ არის დაწერილი, - ამბობს მირთაგ ასადოვი.
პრეზიდენტმა, საგანგებო სიტუაციის გამოცხადებასთან ერთად, გამოსცა დეკრეტიც, რომელიც საგანგებო მდგომარეობის დამრღვევი მოქალაქეებისთვის ჯარიმების დაწერას აკანონებდა. მირთაგ ასადოვი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი პარლამენტის ფუნქციებს არ უნდა ასრულებდეს, ამიტომ 2 მაისამდე დაწერილი ჯარიმების გაუქმებას მოითხოვს.
სარჩელის შეტანის გადაწყვეტილება მირთაგ ასადოვმა არასამთავრობო სექტორთან კონსულტაციების შემდეგ მიიღო.
სანამ ეს ჯარიმების დაწერა მოხდა, ხალხი ინფორმირებული არ იყო, რა არის შეზღუდული, რა არის აკრძალული. ჯერ არ მოხდა ინფორმირება, რომ დაიწყეს ჯარიმების დაწერა, - ამბობს სამოქალაქო აქტივისტი სამირა ბაირამოვა.
მუსლიმთა სასულიერო ლიდერის თქმით, იგი საკუთარ ვალდებულებად მიიჩნევს ისედაც მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაში ჩავარდნილი ხალხის დახმარებას და საკონსტიტუციო სასამართლოში წასვლაც ამით არის მოტივირებული.
ჯერჯერობით უცნობია, როდის მიიღებს განხილვაში სარჩელს საკონტიტუციო სასამართლო.