ტროლების უკან, რომლებიც ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების დისკრედიტაციას ცდილობენ, კოკა ყანდიაშვილი დგას.
„მთავარმა“ „ტროლების ფაბრიკა“ აღმოაჩინა და მუშაობის სქემა გაშიფრა. სტუდენტი გიორგი ყოლბაია „მთავართან“ იხსენებს, როგორ მოხვდა „ტროლების ფაბრიკაში“. ნაცნობის რეკომენდაციის საფუძველზე მალე მას თავად კოკა ყანდიაშვილი დაუკავშირდა, შეხვედრა გასაუბრებისთვის კი პირდაპირ „ქართული ოცნების“ ოფისში დაუნიშნა.
ევროპაში გატარებული 3 წლის გამო ვერც იმას მიხვდა, ვინ იყო კოკა ყანდიაშვილი, ვერც იმას, რატომ შედგა შეხვედრა მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში და რაც ყველაზე მთავარია, რა სამსახურს სთავაზობდა სტუდენტს ყანდიაშვილი. ამიტომაც სამსახურის მაძიებელი გასაუბრების მეორე ეტაპზე გადავიდა და, რაღა თქმა უნდა, ვერც იმას მიხვდა, რატომ იბარებდნენ ტროლების ქარხნის მისამართზე, რუსთაველის 12-ში.
„მთავარი არხის“ გადამღები ჯგუფი სტუდენტი მონაყოლის შემდეგ „ოცნების“ ოფისში მივიდა, სადაც ყანდიაშვილი გასაუბრებაზე იბარებს ახალგაზრდებს. მცველმა პირველ ეტაპზე დაადასტურა, რომ ოფისში ყანდიაშვილის ნახვა შესაძლებელი იყო, თუმცა, მოგვიანებით პრესცენტრთან გადაამისამართა ჟურნალისტი.
„მთავარი არხის“ ჯგუფი ასევე მივიდა ვაჟა ფშაველას 19 ნომერში, სადაც განთავსებულია „ეს პერსონა.ჯი“, სიანფორმაციო სააგენტო, სადაც ყანდიაშვილი გიორგი ყოლბაიას სამუშაოდ ეპატიჟებოდა. ონლაინ გამოცემის რედაქტორია 23 წლის თენგო კალანდაძე, რომელიც „მთავარის“ კითხვებმა გააღიზიანა და თავდაცვის რეჟიმში გადავიდა, რის შემდეგაც „ეს პერსონას“ პერსონალმა ლაივი ჩართო.
„მთავარი არხის“ ინფორმაციით, „ეს პერსონა“ ერთადერთი მისამართი არაა, სადაც კოკა ყანდიაშვილის დაქირავებული ადამიანები მუშაობენ. სანდრო წყაროს ცნობით, რუსთაველის 12-ში არსებული ტროლების ქარხანა, გახმაურებული ჟურნალისტური გამოძიებების შემდეგ დაიხურა და მისამართი შეიცვალა. ყანდიაშვილის უარყოფის მიუხედავად, ძველ მისამართზე ადასტურებენ, რომ ყანდიაშვილი აღნიშნულ მისამართზე დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა.
21 ტროლი კონკრეტული სახელ-გვარებით უკვე გამოვლენილია, მათ ყალბი ფეისბუქ ექაუნთები გამოაშკარავებისთანავე გააუქმეს. „მითების დეტეტქტორის“ კვლევის თანახმად, ტროლებს ახალ მისამართთან ერთად კიდევ ერთი სიახლეც აქვთ. უკვე დაფიქსირდა შემთხვევა, როცა ფეისბუქ გვერდები ხელოვნური ინტელექტის დახმარებით იქმნება.
„მთავარი არხი“ ახლა ტროლების ქარხნის ახალი მისამართის დადგენას ცდილობს, რომელიც ჩვენი ინფორმაციით ყანდიაშვილმა ამჯერად ქვეყნის ცენტრალური გამზირიდან ორთაჭალაში გადაიტანა.