აღიარებების სერია "ქართულ ოცნებაში" - მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ პოლიტპატიმრების შეწყალება მმართველი პარტიის ლიდერებთან შეათანხმა "ოცნების"ლიდერები უხერხული მდგომარეობიდან გამოსავალს ეძებენ.
დღეს უკვე არავინ უარყოფს გადაჭრით, რომ არ იცოდა, შეწყალების შესახებ. მხოლოდ კახა კალაძე არ ცვლის პოზიციას და იმითაც გაკვირვებულია, რომ კოლეგებმა არაფერი შეატყობინეს.
მეხუთე დღეს აღიარეს, რომ მოიტყუეს. პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტის მხილების შემდეგ ვეღარ დამალა, რომ პოლიტპატიმრების გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების შესახებ იცოდა. არჩილ თალაკვაძეც და უმრავლესობის სხვა ლიდერებიც თავის მართლების ნაცვლად თავდასხმაზე გადავიდნენ. ამტკიცებდნენ, რომ არასწორი ინტერპრეტაცია პრეზიდენტის განცხადებას ოპოზიციამ მისცა და ოპონენტები საკითხს ახლა პოლიტიკური სპეკულაციებისთვის იყენებენ.
სალომე ზურაბიშვილის აღიარების შემდეგ, ოპოზიცია კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ პოლიტპატიმრების შეწყალების გადაწყვეტილება პრეზიდენტს ბიძინა ივანიშვილმა მიაღებინა. მიზეზი - ივანიშვილისა და მისი გუნდისთვის საერთაშორისო სანქციების დაწესების საფრთხეა. დასავლეთისთვის კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ოცნების მთავრობა არასანდო პარტნიორია.
სალომე ზურაბიშვილი პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხსა და მის გადაწყვეტილებაზე ერთ-ერთ ტელეკომპანიასთან გუშინ ალაპარაკდა. თქვა რომ, წინასწარ შეწყალების შესახებ ინფორმაცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს, პრემიერ გიორგი გახარიასა და პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს შეატყობინა.