კიდევ ერთი გაფრთხილება კონგრესიდან. ადამ კიზინგერი "ქართლი ოცნების" ხელისუფლებას 8 მარტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობას ახსენებს. კონგრესმენი "მთავარი არხის" შეკითხვას პასუხობს და ხაზს უსვამს, რომ პოლიტიკური კონტრაქტი ბოლომდე უნდა შესრულდეს. ამერიკელი პოლიტიკოსის განცხადების შინაარსი პირდაპირ და ღიად ეხება "მთავარი არხის" დამფუძნებელს გიორგი რურუას, რომლის გათვისუფლების პირობა 8 მარტის შეთანხმების ნაწილი იყო.
ამ ყველაფერში მთავარი ხაზი ის არის, რომ 8 მარტის შეთანხმება შესრულდეს. ორივე მხარემ ბევრი გააკეთა,რომ ეს შეთანხმება მშვიდობიანად შემდგარიყო, რადგან მშვიდობაა ის ერთადერთი, რაც შედეგის მომტანია. დეტალებში არ შევალ, არც რომელიმე მხარეს ავირჩევ, მაგრამ მთავარი შეთანხმების შესრულებაა, - ამბობს ადამ კიზინგერი "მთავარ არხთან" ინტერვიუში.
კონგრსმენთან ერთად იმავე პოზიციას ადასტურებს შეერთებული შტატების ელჩიც საქართველოში. დიპლომატი, რომელიც უშუალოდ ესწრებოდა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების გაფორმებას მიანიშნებს, რომ შეთანხმება ბოლომდე შესრულებული არ არის. ის სთხოვს პოლიტიკოსებს, გაიხსენონ რაზე შეთანხმდნენ და რას მოაწერეს ხელი.