პოლიციას, სავარაუდოდ, უკვე აქვს იმ პირის ფოტორობოტი, რომელმაც ავსტრალიის მოქალაქე მოკლა. სამართალდამცველები 4 საათზე მეტია, რაც გოგებაშვილის ქუჩაზე მუშაობენ. ისინი ადგილობრივებს თაბახის ფურცელზე ამობეჭდილ ფოტოს აჩვენებენ და მასზე ინფორმაციას ეკითხებიან. პარალელურად, პოლიცია ცდილობს დაადგინოს როგორი კონტაქტი ჰქონდა მოკლულ შეინი ბრუკს მეზობლებთან.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვიდეომასალა მთაწმინდის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ობიექტებიდან უკვე ამოიღო. გოგებაშვილის ქუჩაზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ ავსტრალიელ შანაე ბრუკის 30 ივლისიდან ეძებდნენ. მასწავლებლის ცხედარი თბილისში 31 ივლისს იპოვეს. მეგობრების თქმით, ბოლო საუბრის დროს ის ყვიროდა და დახმარებას ითხოვდა, რაც საფუძვლიან ეჭვს აჩენს, რომ მას თავს დაესხნენ. ცხედარს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება, ის სავარაუდოდ ძალადობის მსხვერპლი გახდა. კადრები სადაც სხეულზე ძალადობის კვალი ჩანს, "მთავარი არხის" დრონებმა გადაიღო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში გარდაცვლილი ავსტრალიის მოქალაქის საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით გრძელდება.