ცალკე საკითხია, როგორ მოახდინა პოლიტიკაში მოსულმა ბიძინა ივანიშვილმა იმ ქველმოქმედების მონეტიზაცია, რომელსაც წლების განმავლობაში ეწეოდა, მაგრამ ფაქტია, რომ კულტურის სფეროს წარმომადგენლებს ის ეხმარებოდა და ბევრი ძალიან მნიშვნელოვანი არქიტექტურული ძეგლი, თეატრები, ოპერა და ა.შ. სწორედ მისი დაფინანსებით არის აღდგენილი.
აი, სხვა რომც არაფერი იყოს, თუნდაც უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ერთი რუსთაველის თეატრის აღდგენისთვის სულაც არ მომერიდება და "მთავარი არხის" მიკროფონში თამამად ვიტყვი, ბიძინას გაუმარ-ჯოს.
მაგრამ ახლა რატომ გადაწყვიტა მილიარდერმა წულუკიანის ხელით კულტურის სფეროს წარმომადგენლების მასობრივად გადამტერება, არ ვიცი... აქეთ ხელოვნების მუზეუმი, იქით - მწერლები.
ლიტერატურული კონკურსი "ლიტერა" ჩაიშალა - მას ტოვებს ყველა მწერალი, ყველა წიგნი თუ ნაწარმოები და ჟიურის ყველა წევრი, ერთის გარდა - მინისტრისგან დანიშნული იოსებ ჭუმბურიძე, რომელსაც შესაფასებელი, ფაქტობრივად, აღარაფერი დარჩა.
ასე იქცა "ლიტერა" ერთი კაცის სპექტაკლად, უფრო სწორად, ერთი ქალის.