"სტრატეგია აღმაშენებელი" დღეს პრეზიდენტთან დაგეგმილ შეხვედრაზე უარს ამბობს. პარტია განმარტავს, რომ სალომე ზურაბიშვილისგან კრიტიკული შეფასება შარლ მიშელის შეთანხმების ანულირებაზე დღემდე არ მოუსმენიათ. პარტია შეხვედრის შესაძლებლობას მხოლოდ კრიტიკული შეფასების შემდეგ განიხილავს.
"მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პრეზიდენტი პირადად იყო ჩართული მედიაციის პროცესში, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილისგან დღემდე არ მოგვისმენია კრიტიკული შეფასება “ქართული ოცნების” იმ განცხადებაზე, რომელიც 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლას გულისხმობს. აქედან გამომდინარე, ჩვენ უარს ვაცხადებთ საქართველოს პრეზიდენტთან დღეს დაგეგმილ შეხვედრაზე.
ვთვლით, რომ “ქართული ოცნების” სურვილი უპასუხისმგებლოდ თავი აარიდოს ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის პირდაპირი მედიაციით შექმნილი დოკუმენტის პირობების შესრულებას, არის დემოკრატიის და ჩვენი ეროვნული ინტერესის საწინააღმდეგო ქმედება, რისი საშუალებაც მას არ უნდა მივცეთ!
ველოდებით პრეზიდენტისგან ამ საკითხზე კრიტიკულ შეფასებებს, მხოლოდ ამის შემდეგ განვიხილავთ მასთან შეხვედრის შესაძლებლობას!", - განმარტავს "სტრატეგია აღმაშენებელი".
ცნობისთვის, პრეზიდენტი დღეს ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდება. სასაუბრო თემა სავარაუდოდ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები იქნება.