შეზღუდვები საგანგებო მდგომარეობის გარეშე - პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს

გამოქვეყნდა:

პარლამენტში, დეპუტატები დღეს მთავრობის მიერ მომზადებულ ახალ კანონპროექტზე იმსჯელებენ. კანონპროექტის მიხედვით, აღმასრულებელ ხელისუფლებას კონკრეტული შეზღუდვების შენარჩუნება ან დაწესება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება და ამისთვის საკანონმდებლო ორგანოს თანხმობა არ დასჭირდება.

საკითხს დეპუტატები დაჩქარებული წესით განიხილავენ. უმრავლესობაში ამბობენ, რომ შეზღუდვები ეპიდემიის გართულების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია, ხელისუფლების ოპონენტებს კი მიაჩნიათ, რომ კანონპროექტი არადემოკრატიული და არაკონსტიტუციურია. ოპოზიცია დღეს სესიაზე დასწრებას გეგმავს.

ეს არის ანტიკონსტიტუციური, ხოლო პოლიტიკური თვალსაზრისით არადემოკრატიული და ეს არის აღმასრულებელი ხელისუფლების აღჭურვა ისეთი უფლებებით, რომელიც შემდეგ გამოიყენება რეპრესიულად, მათ შორის, ოპოზიციის წინააღმდეგ, - ამბობს რომან გოცირიძე.

ოპოზიციაში ამბობენ იმასაც, რომ ხელისუფლება ამ უპირატესობას არჩევნების წინ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ გამოიყენებს. 

ხელისუფლებამ რაც არ უნდა ილაპარაკოს დღეს, მოახლოებული არჩევნების პერიოდში შესაძლებელია, რომ არასწორად და ბოროტადაც კი გამოიყენოს ასეთი უფლებამოსილება, - ამბობს გიგი წერეთელი 

კანონპროექტს მხარს არ უჭერს "ქართული ოცნებიდან" დემარშით წასული ეკა ბესელია და ამბობს, რომ კანონპროექტი სახიფათო და ავტორიტარული მმართველობისთვის დამახასიათებელია.

ჯანდაცვის ლოზუნგითა და დროშის ქვეშ ადამიანის უფლებების ასე ფეხქვეშ გათელვა ახასიათებს ავტორიტარულ მმართველობებს, - ამბობს ბესელია 

მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ ოპოზიცია რეალობასაა მოწყვეტილი და ამ კანოპროექტით, მთავრობის დაბარებისა და მისი პასუხისმგებლობის მექანიზმი არ იცვლება.

ელემენტარულია რომ პარლამენტი აძლევს უფლებამოსილებას მთავრობას იმოქმედოს და მიიღოს გადაუდებელი ზომები, თუკი ამის საჭიროება იქნა, - ამბობს გია ვოლსკი

კანონპროექტის მიღების შემთხვევაში ცვლილება ძალაში 2020 წლის 23 მაისიდან შევა.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი