ხელისუფლებას არ ხელეწიფება, სასამართლო პროცესიდან მოხსნას რურუა, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა გია ვოლსკიმ "მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებლის, პოლიტპატიმარ გიორგი რურუაზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, მმართველ გუნდს არ აქვს უფლება, მისი ბრალეულობის საკითხი სასამართლოს უკარნახოს.
ხელისუფლება არ აპირებს გამოუშვას რურუა, ეს არის სწორედ ის საკითხი და პოზიცია, რასაც ჩვენი ოპონენტები ამბობენ, - ამბობს ვოლსკი.
"ნაციონალურ მოძრაობაში" კი ამბობენ, რომ გიორგი რურუას საქმეს აშშ-ს კონგრესის ჰელსინკის კომიტეტი განიხილავს და იმ შემთხვევაში, თუ ბიძინა ივანიშვილი რვა მარტის შეთანხმებას სრულად არ შეასრულებს,მასზე, საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, ზეწოლა კიდევ უფრო გაძლიერდება.
ჰელსინკის კომიტეტი სწორედ ის კომიტეტია, რომელიც ადგენს პოლიტპატიმრების უფლებების დარღვევას ამა თუ იმ ხელისუფლების მხრიდან და რეკომენდაციას გასცემს შესაბამისი რეაგირებისთვის. რაც უფრო სწრაფად მიიღებს ივანიშვილი პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და შესაბამის მითითებას გასცემს, ეს მის ინტერესებშია, - ამბობს სალომე სამადაშვილი.
"ევროპულ საქართველოშიც" რვა მარტის შეთანხმების სრულად შესრულების აუცილებლობას ხაზი კიდევ ერთხელ გაუსვეს და განაცხადეს, რომ ორივე პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებენ.
რვა მარტის შეთანხმება შესრულებულად ჩაითვლება მარტო იმ შემთხვევაში, თუ მისი ყველა ნაწილი სრულად შესრულდება. იმედს ვიტოვებთ, რომ საღი აზრი ეყოფა ხელისუფლებას და შეთანხმების ეს ნაწილიც იქნება ბოლომდე მიყვანილი, როგორც ეს გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შემთხვევაში მოხდა, - ამბობს სერგი კაპანაძე.
შეგახსენებთ, რომ “მთავარი არხის” ერთ-ერთი დამფუძნებელი და მეწილე გიორგი რურუა, რომელიც 2019 წელს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებში იყო ჩართული, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარების ბრალდებით 18 ნოემბერს დააკავეს.