კიდევ ერთი საეჭვო ტენდერი, რომელიც კორუფციაზე კითხვის ნიშნებს აჩენს - "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" ინფორმაციით, "საქართველოს რკინიგზის" მიერ გამოცხადებული ტენდერი კონკურენციას ზღუდავს.
მიმდინარე წლის 10 ივნისს "საქართველოს რკინიგზამ" მაგისტრალური რელსების შესასყიდად 52.8 მლნ ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა და მომწოდებლებისგან რუსეთის მიერ დაარსებული ევრაზიის საბაჟო კავშირის მიერ განსაზღვრულ სერტიფიკატებს ითხოვს.
წინადადება მხოლოდ ერთმა კომპანიამ, შპს „უნი-2“-მა წარადგინა, რომელმაც ზუსტად ის თანხა მიუთითა შეთავაზებაში, რა თანხაზეც ტენდერი იყო გამოცხადებული. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ კომპანიას კონკურენტი არ ჰყავს, "საქართველოს რკინიგზას" ჯერ-ჯერობით გამარჯვებული არ გამოუვლენია და „უნი 2“-თან კონტრაქტი არ გაუფორმებია.
TI-ს წერილით ავსტრიულმა კომპანიამ GSL Steel Trade GmbH-ს მიმართა. რომელთა წარმომადგენლებიც ფიქრობენ, რომ აღნიშნულ ტენდერში ხელოვნურად არის შეზღუდული კონკურენცია. კომპანია აღნიშნავს, რომ მას გააჩნია ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში სარკინიგზო საქონლის მიწოდების გამოცდილება, მათ შორის ტრანსკავკასიურ რეგიონში, მაგრამ ამჯერად მისი მონაწილეობა სატენდერო მოთხოვნებმა გამორიცხა.
"52.8 მლნ-იან ტენდერში მხოლოდ ერთი მიმწოდებლის მონაწილეობა ეჭვს აჩენს, "საქართველოს რკინიგზის" სატენდერო განაცხადით ხომ არ იყო შეზღუდული კონკურენცია, ანუ საქმე ხომ არ გვაქვს, ე.წ. კონკრეტულ მიმწოდებელზე "მორგებულ" ტენდერთან. [...]
ავსტრიული კომპანიის არგუმენტები შეზღუდულ კონკურენციაზე, რომლებიც „საქართველოს რკინიგზის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ საიტზე ატვირთული დოკუმენტებითაც დასტურდება, შემდეგია:
- სატენდერო დოკუმენტაცია განთავსებულია მხოლოდ ქართულ და რუსულ ენაზე;
- შემოთავაზებულ საქონელს მოწოდებისას თან უნდა ახლდეს საბაჟო საბჭოს ტექნიკური რეგლამენტით ТР ТС 003/2011 განსაზღვრული შესაბამისობის სერტიფიკატი და ამავე რეგლამენტით გათვალისწინებული მარკირება. საბაჟო საბჭოში იგულისხმება ევრაზიის საბაჟო კავშირი, რომელიც რუსეთის მიერ დაარსებული ევრაზიის ეკონომიკური კავშირის (ევრაზიული კავშირი) ნაწილია და მისი წევრი ქვეყნებისგან შედგება, კერძოდ, ესენია: რუსეთი, ყაზახეთი, ბელარუსი, სომხეთი და ყირგიზეთი. ამ ჩანაწერით, „საქართველოს რკინიგზამ“ ფაქტობრივად განსაზღვრა იმ ქვეყნების ჩამონათვალი, სადაც შეიძლება იყოს წარმოებული შესასყიდი საქონელი;
- ტენდერის გამოცხადებიდან წინადადებების მიღების საბოლოო თარიღამდე 21 დღე იყო, რაც, ავსტრიული კომპანიის აზრით, ძალიან მოკლე პერიოდია, განსაკუთრებით საქართველოს არარეზიდენტი კომპანიებისთვის;
- ტენდერის დოკუმენტებში მოცემული ტექნიკური სპეციფიკაცია მხოლოდ რუსეთის ფედერაციის სტანდარტებზეა ფოკუსირებული", - წერია ორგანიზაციის განცხადებაში.
ავსტრიული კომპანია აღნიშნავს, რომ წერილით "საქართველოს რკინიგზასაც" მისწერეს, თუმცა პასუხი არ მიუღიათ.
TI წერს, რომ "საქართველოს რკინიგზის" მიერ 10 ივნისს გამოცხადებული ტენდერი პირდაპირ არღვევს შესყიდვების მონაწილეთა მიმართ სამართლიან და არადისკრიმინაციულ მიდგომას, რადგან კონკრეტულად ევრაზიული კავშირის სერტიფიკატი და მარკირებაა მოთხოვნილი. კარგი პრაქტიკის შესაბამისად, შემსყიდველი ყურადღებას უნდა ამახვილებდეს შესასყიდი საქონლის ხარისხზე და არა მის წარმომავლობაზე.
გარდა ამისა, ზოგადად, შესყიდვების სპეციალური წესი სახელმწიფო შესყიდვების კანონთან შედარებით უფრო დაბალ სტანდარტებს აწესებს, რაც კორუფციულ რისკებს ზრდის.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" საჭიროდ თვლის: