ვინ არის გოიმი და ვინ არის სვეტი, ეს ყველაფერი ოქტომბრის არჩევნებზე გაირკვევა - ამის შესახებ კონსენსუსს დეპუტატებმა პარლამენტის დერეფანში მას შემდეგ მიაღწიეს, რაც ირაკლი კობახიძემ გიგა ბოკერიას "ნომერ პირველი გოიმი" უწოდა, რის შემდეგ "ევროპული საქართველოს" ლიდერმა პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს საგანგებო ბრიფინგით უპასუხა.
პარლამენტის დერეფანში, როგორც მმართველი გუნდის, ისე ოპოზიციის დეპუტატები ერთმანეთს სიტყვა "გოიმის" მნიშვნელობას უხსნიდნენ.
რას არ გაიგებ, გაპრავება, გადაგდება, დაჩმორება, ახლა შემოვა მოდაში დაგოიმება. რას ერჩით, მშვენიერი სიტყვაა, ესაა პოლიტიკური აბრივიატურა - გ - გაერთიანებული, ო - ოპოზიცია, ი - იარაღასხმული, მ - მიმდევარი, ი - ახლა მოდაში შემოვიდა, აგრძელებენ ასე "ქართულ ოცნებაში" განსაკუთრებით - იიი, პრეზიდენტი ამბობს ხოლმე, გამარჯობათთ, საქართველოსსს და ა.შ. განსაკუთრებით ბოლო სიტყვაში წამღერებით, მემგონი ივანიშვილმა თქვა და მას ბაძავენ, - ამბობს რომან გოცირიძე.
პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს ოპოზიციას გოიმი უწოდა და განაცხადა, რომ ნომერ პირველი გოიმი გიგა ბოკერიაა.
ბოკერიამ კი მას "კომპლიმენტისთვის" მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ "თუ ხარ გოიმი, უნდა იყო ნომერ პირველი გოიმი".