ოპოზიციას საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება და არჩევნების ჩაშლა სურს - "ოცნება"

გამოქვეყნდა:

ოპოზიციას საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება და არჩევნების ჩაშლა სურს, - ამის შესახებ განცხადება პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ გააკეთა.

პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს, სადაც „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტზე მსჯელობდნენ, დიმიტრი ხუნდაძემ ოპოზიცია დესტრუქციაში დაადანაშაულა.

დეპუტატის შეფასებით, ოპოზიციას რეალურად საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება უნდა.

მართლა მიჩნდება ეჭვი, რომ თქვენ გინდათ საგანგებო მდგომარეობა. შეიძლება ეს ეჭვი ორ ნაწილად გავყოთ, ერთი, რომ თქვენ გინდათ, საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვიოთ, რომ ისინი ჭარბი შეზღუდვების რეჟიმში იყვნენ და ამით მიიღოთ სარგებელი, ან კიდევ მართლაც ჩაშალოთ არჩევნები და საარჩევნო პროცესი, რისთვისაც არაერთი მიზეზი მოიფიქრეთ, მაგრამ ჩვენ ამის უფლებას არ მოგცემთ, გირჩევიათ დესტრუქცია, ვიდრე საარჩევნო პროცესში ჩართვა, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

დიმიტრი ხუნდაძის პოზიციას იზიარებს მისივე თანაგუნდელი, გიორგი ვოლსკი. დეპუტატის შეფასებით, ოპოზიციას არჩევნების ჩატარებას ქვეყანაში დესტაბილიზაცია ურჩევია.

რატომ არ უნდა გვინდოდეს არჩევნებიო? თუ ამან გამოიწვია ეპიდემიის გავრცელება და ისევ საგანგებო ვითარების დაბრუნება, რასაკვირველია, ეს პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ვიღაცას არ უნდა, თუნდაც, არჩევნები, უპერსპექტივობის გამო და დესტაბილიზაცია უკეთესი გზაა, - ამბობს ვოლსკი.

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის თანახმად, საკარანტინო ღონისძიებები ახლებურად განისაზღვრება და გულისხმობს ისეთ ღონისძიებებსაც, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან. კანონპროექტს დეპუტატები კენჭს ხვალ უყრიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი