
თბილისის მერს ამ დრომდე არ აქვს ინფორმაცია, როდის აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება. კახა კალაძე შესაბამისი ინსტრუქციების მიღებას ეპიდემიოლოგებისგან ელოდება.
თბილისის მერს ასევე არ აქვს ინფორმაცია, როგორ უნდა დაიცვან საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოქალაქეები კოვიდ ინფექციის გავრცელებისგან.
ჯერ არ მოუწოდებიათ ინსტრუქცია იმასთან დაკავშირებით, თუ როდის უნდა გაეშვას საზოგადოებრივი ტრანსპორტი. როგორც კი, დარგი სპეციალისტები მოგვცემენ მითითებებს, მაშინვე ჩვენ გვაქვს სრული მზადყოფნა, დაიწყებენ მუშაობას, - ამბობს კალაძე.
თბილისის მერს კერძო კომპანიებთან მოლაპარაკებას ურჩევს საქართველოს ტრანსპორტის და გზების ასოციაციის თავმჯდომარე. დავით მესხიშვილი განმარტავს, რომ ავტობუსების რაოდენობა უნდა გაიზარდოს, ამისთვის კი თბილისის მერია იმ კომპანიებს უნდა დაუკავშირდეს, რომლებიც ავტობუსებს ფლობენ.
უნდა გაიზარდოს ავტობუსების რაოდენობა დედაქალაქის პირობებში და რას აკეთებს დედაქალაქის სამსახურები საინტერესოა. უნდა მოელაპარაკონ კერძო კომპანიებს, რომლებსაც ჰყავთ ავტობუსები და უნდა დაემატოს ავტოპარკს, დროებით დაქირავებული ავტობუსები და უნდა გაიზარდოს დაახლოებით, 1200-მდე. ავტობუსები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ უნდა დაიტვირთოს 50 პროცენტზე უფრო მეტი მგზავრი, - განაცხადა მესხიშვილმა.
ამ დრომდე უცნობია, როდის აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოძრაობა. კოვიდ პანდემიამ მოსახლეობას კიდევ უფრო დიდი პრობლემები შეუქმნა. ახლა ადამიანებს ფეხით გადაადგილება იმის გამო უწევთ, რომ არც კუთვნილი ავტომობილი და არც ტაქსის ფული აქვთ.