9 აგვისტოს გიორგი ანწუხელიძე რუსების ტყვეობაში ჩავარდა - მტერთან უთანასწორო ბრძოლის გმირები

გამოქვეყნდა:

აგვისტოს ომის გმირი, გიორგი ანწუხელიძე, რუსმა სამხედროებმა ზუსტად 15 წლის წინ, ცხინვალში, მე-5 სკოლასთან, ძმათა სასაფლაოზე, წამებითა და ცემით მოკლეს.

უმცროსი სერჟანტი რუსეთს ტყვედ სწორედ 2008 წლის 9 აგვისტოს ჩაუვარდა.

ოკუპანტებმა, წამების დროს, ტელეფონით ვიდეო გადაიღეს, სადაც ჩანს, როგორ შედგენენ ფეხებით ზურგზე უმცროს სერჟანტს და როგორ მოსთხოვეს დამამცირებლად, მიწაზე კოცნა.

ვიდეოში ისმის, გინება და შეურაცხმყოფელ სიტყვებიც. საუბრიდან ირკვევა, რომ ისინი ძირითადად ოსი და რუსი სამხედროები არიან.

უმძიმესი კადრები 2009 წლის იანვარში გავრცელდა.

გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის ნოემბრამდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა. მისი იდენტიფიცირება კი  ცხინვალიდან ათი ქართველის ცხედრის გადმოსვენების შემდეგ, დნმ-ის ანალიზით მოხდა.

2008 წლის აგვისტოს ომს ასზე მეტი გმირი ჰყავს

შმაგი სოფრომაძე -  24 წლის ჯარისკაცი, რომელიც ოსებს ტყვედ ჩუვარდათ. მას საქართველოს დროშის შეურაცხყოფა მოსთხოვეს, რაზეც უარი მიიღეს. ჯარისკაცს ხელებზე შეატყვეს, რომ ტანკისტი იყო და დახვრიტეს.

შმაგი სოფრომაძეს და გიორგი ანწუხელიძეს 2-2 შვილი დარჩათ.

"ანა და ლევან ანწუხელიძეები რუსეთის წინააღმდეგ" - ამ სახელით გაიგზავნა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 2010 წლის 8 აპრილს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" მიერ მომზადებული სარჩელი.

შინდისის ბრძოლა 2008 წლის 11 აგვისტოს მოხდა

რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა - ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.

შინდისის შეტაკების ნაწილია ნათლიისაა და ნათლულის ისტორია. უმცროსი სერჟანტი ალექსანდრე ონიანი მტერს არ დანებდა და ნათლულ, კაპრალ რომან ზოიძესთან ერთად თავი ყუმბარით აიფეთქა. ალექსანდრე ონიანი სიკვდილის შემდეგ ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, რომან ზოიძე კი ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით დააჯილდოეს. 

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი