მთავრობა პრორუსულ მედიასაშუალებებს ათასობით ლარს უხდის. გამომძიებელმა ჟურნალისტებმა დოკუმენტებზე დაყრდნობით დაადგინეს, რომ მხოლოდ ერთ ონლაინ გამოცემა „მარშალპრესს“, ბოლო ოთხ წელში, ახალი ამბების განთავსებისთვის, 43 ათას ლარზე მეტი ჩაურიცხეს.
გამომძიებელი ჟურნალისტები ამბობენ, რომ მთავრობა ანტისახელმწიფოებრივ მედიასაშუალებებს არ უნდა აფინანსებდეს.
„მარშალპრესში“ ამტკიცებენ, რომ არც სახელისუფლებო და არც ანტიდასავლური სარედაქციო პოლიტიკა არ აქვთ. რაც შეეხება ბოლო წლებში გადახდილ თანხას, ამბობენ, რომ მათთან ახალი ამბების განთავსება იაფია და თვითმმართველობებისთვის მიმზიდველი ამიტომაც არის.
მედიაექსპერტების თქმით, მაშინ, როცა ქვეყანაში კრიტიკულ მედიასაშუალებებს ხელისუფლება ინკასოს ადებს, „ქართული ოცნების“ მიმართ კეთილგანწყობილ გამოცემებს ახალი ამბების გაშუქებაში ხალხის ფულს არ უნდა უხდიდნენ.
მედიის განვითარების ფონდის ბოლო კვლევის თანახმად, სხვადასხვა მედიაორგანიზაცია ათასობით ლარს იღებს. მათ შორის არიან "საქართველოს რესპუბლიკა", სააგენტო „ნიუსპრესი“, ჰოლდინგი “ალია”, გაზეთი "ალია", „კვირის ქრონიკა“ და „თბილისი 24“.
„ნიუსპრესის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ დაფინანსებას იღებს ყველასგან, მათ შორის, სახელმწიფოსგან და ამაში პრობლემას ვერ ხედავს. თვითმმართველობებიც არ უარყოფენ, რომ პრორუსულ მედიაორგანიზაციებთან თანამშრომლობენ.
ევროსაბჭოს რეკომენდაციებით, მედია, რომელიც სიძულვილს აღვივებს, არ უნდა იღებდეს სახელმწიფო დაფინანსებას. სწორედ ამიტომ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ მთავრობის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. მამუკა ანდღულაძე ამბობს, რომ მსგავსი ორგანიზაციები ხელისუფლების მხრიდან არ უნდა წახალისდეს.
მედიამკვლევარები დარწმუნებულები არიან, რომ საქმე კიდევ უფრო რთულადაა და რეალურად, ხელისუფლება უფრო მეტ დაფინანსებას გასცემს, ვიდრე შესწავლილია. ამ დროისთვის, მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ პროსახელისუფლებო და პრორუსულ საინფორმაციო გამოცემებთან ხელშეკრულებები ყოველწლიურად მატულობს.