"ღარიბაშვილი ისევ წინა ხელისუფლებას ანუ საკუთარ ქვეყანას აბრალებს ომის პროვოცირებას და ამით რუსეთს უქმნის კომფორტს საერთაშორისო ასპარეზზე." - პრემიერის დღევანდელ განცხადებას "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი კანდელაკი ეხმაურება.
მისი თქმით, ომის დაწყების თარიღად 8 აგვისტოს მსოფლიოში მხოლოდ 2 მთავრობა აღნიშნავს - "ქართული ოცნების" და რუსეთის
"აშშ-ს მთავრობამ , ევროკავშირმა, ევროკავშირის ცალკეულმა ქვეყნებმა, პროდასავლურმა ოპოზიციამ საქართველოში, ყველამ აღნიშნა, რომ ომი დაიწყო 7 აგვისტოს, როცა რუსეთის შეიარაღებული ძალები, რომლებიც არ შედიოდნენ ე.წ. სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში, შემოიჭრნენ საქართველოს ტერიტორიაზე, რითაც განახორციელეს სამხედრო აგრესიის აქტი და დაიწყეს ომი.
8 აგვისტოს ომის დაწყებას აღნიშნავს მხოლოდ ორი მთავრობა მსოფლიოში, რუსეთისა და საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა, დუგინის ძმაკაცების ძმაკაცი ღარიბაშვილი ისევ წინა ხელისუფლებას ანუ საკუთარ ქვეყანას აბრალებს ომის პროვოცირებას და ამით უქმნის კომფორტს საერთაშორისო ასპარეზზე, საიდანაც ოცნებამ მოხსნა ოკუპაციის საკითხი, ოკუპანტ სახელმწიფოს რუსეთის ფედერაციას. ეს კომფორტის შექმნის პოლიტიკა საერთაშორისო ასპარეზზე და დუგინის ძმაკაცებთან ძმაკაცობა რა თქმა უნდა არის საქართველოს ინტერესების, სუვერენიტეტისა და მომავლის ღალატი."- განაცხადა კანდელაკმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა აგვისტოს ომს "ანტისახელმწიფოებრივი პროვოკაცია" უწოდა- განცხადება პრემიერმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გააკეთა და ყველაფერი ტრადიციულად წინა ხელისუფლებას დააბრალა