
ანტიკრიზისული გეგმის მიღმა დარჩენილი მოქალაქეები - ათიათასობით ადამიანს არ შეეხო არც პირველად გამოცხადებული სამთვიანი სესხების შეღავათი და მათთვის ვალის გადავადება დღესაც არ გახსენებიათ.
მოქალაქეებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა სესხები არ გადაუვადეს. ორგანიზაციებსა და სახელმწიფოს შორის მოლაპარაკებაც არ შემდგარა. სოსო გოგინაშვილის ინიციატივით სოციალურ ქსელში ჯგუფი შეიქმნა, სადაც 33 ათასამდე დაზარალებული მოქალაქეა. როგორც თავად ამბობენ, ასობით ადამიანს საგანგებო მდგომარეობის დროს ავტომობილები უკვე ჩამოართვეს.
პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საბანკო სესხების კიდევ სამი თვის გადავადებაზე ისაუბრა. შეღავათი ეხებათ მას, ვინც უმუშევარი დარჩა ან შემოსავალი შეუმცირდათ. ყველა დანარჩენ მოქალაქეს, რომელსაც აქვს საბანკო კრედიტი აქვს, შეეხება თუ არა გადავადება ამას თავად ბანკში აცნობებენ.
სხდომაზე საუბარი არ ყოფილა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე, ონლაინ კრედიტებსა და სალიზინგო კომპანიებზე. საინტერესოა, რა უნდა ქნან იმ ადამიანებმა, რომლებსაც სესხი არა ბანკში, არამედ რომელიმე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში აქვს.
პრემიერ მინისტრის განცხადებას "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, ნიკა მელია გამოეხმაურა, რომელმაც გიორგი გახარიას განცხადებას ბუნდოვანს და ორაზროვანს უწოდებს.
სექტემბრამდე სასესხო ვალდებულების გადავადება „ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკრიზისული გეგმის ერთ-ერთი ნაწილი იყო. რამდენიმე დღის წინ დაწყებულ ფართომასშტაბიანი კამპანიას ოპოზიციური პარტია საქართველოს მასშტაბით ისევ აგრძელებს.
ავტორი: გურანდა ავალიანი