სამგორის რაიონში, თეთრიხევის დასახლებას უკვე მეხუთე დღეა წყალი არ აქვთ - მიზეზი დაზიანებული მილია. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს და ამბობს, რომ უკვე ყველა შესაბამის ორგანოს მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.
"5 დღეა რაც ამ მდგომარეობაში ვართ, ცხელ დღეებში გაუსაძლისი პირობები გვაქვს, მტვერი, ნაგავი, ყველაფერი გვაწუხებს, ახლა დაგვემატა კიდევ წყლის პრობლემა, არც წყალი არ გვაქვს და საერთო ამ ქუჩაზე ძალიან უყურადღებობაა, ნაგვის ურნაც არ გვაქვს წესიერად. ყველა შევაწუხე, მერიაშიც განცხადება შევიტანეთ, მაგრამ არანაირი ყურადღება არ გვაქვს", - თქვა ადგილობრივმა, ქეთი წულუკიძემ.
თეთრიხევის მოსახლეობის პრობლემას ადგილზე გაეცნო ნაციონალური მოძრაობის წევრი, ლევან ხაბეიშვილი. რაც შეეხება ორხევის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელს, ელდარ ცუცქირიძე ჟურნალისტებს სამუშაო ადგილზე არ დახვდა.