საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკა ტიკარაძე ამბობს, რომ ქვეყანაში საწოლფონდის სერიოზული დეფიციტია. მინისტრის განმარტებით, რეგულაციები, რომლებიც დღეს კოვიდსაბჭომ მიიღო, ეპიდვითარებაზე დაახლოებით ათი დღიდან ორ კვირამდე ვადაში აისახება.
"დღეს-დღეობით საკმაოდ რთული ვითარება გვაქვს როგორც ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, ასევე ეს ჰოსპიტალურ სექტორზე უკვე ნათლად აისახება, ვინაიდან, არის საწოლფონდის სერიოზული დეფიციტი. თავის მხრივ, ჯანდაცვის სამინისტრო ყველანაირად ცდილობს, საწოლფონდის მაქსიმალური მობილიზაცია მოხდეს. ჩვენ ასევე ჩვენი ყველა სსიპ-ის დახმარებით აქტიურად ვართ ჩართული პაციენტების ნაკადების მართვაში. დღეის მდგომარეობით თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯერ არც ერთი პაციენტი ექიმის ყურადღების გარეშე არ დარჩენილა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ აუცილებელია ყველა ღონისძიების გამკაცრება. ", - განაცხადა ეკა ტიკარაძემ.
ტიკარაძე არ გამორიცხავს, საჭიროების შემთხვევაში საბჭოს რეგულაციებთან დაკავშირებით, დამატებითი თხოვნით მიმართონ.
ცნობისთვის, ხვალიდან, 10 აგვისტოდან პირბადის ტარება სავალდებულო ხდება ღია სივრცეში ყველგან, სადაც 5 და მეტი ადამიანი იკრიბება.
სხვადასხვა სოციალური ღონისძიების მასპინძლობისთვის კვების ობიექტებს და სარიტუალო დარბაზებს პირველ ჯერზე დაეკისრებათ ფინანსური სანქცია - 10 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო განმეორების შემთხვევაში აღნიშნული ობიექტები დაილუქება.