დაბომბილი ქალაქის ბიუჯეტიდან ოკუპანტის ჯიბეში ბოლო 3 თვეში 400 ათასი ლარი, საერთო ჯამში კი თითქმის 2 მილიონი ლარი წავიდა, თუმცა გორის მერი ამას საგანგაშოდ არ თვლის და არგუმენტად სატენდერო პირობებს იშველიებს.
"ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტი აცხადებს, რომ ხელისუფლება ტენდერებს მიზანმიმართულად იმ კომპანიებს არგებს, რომლებსაც ქვეყანაში რუსული წარმოების პროდუქცია და ტექნიკა შემოაქვს და ამით ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას თავადვე აფინანსებს.
რუსული წარმოების ტრენაჟორების და ტექნიკის გარდა გორის ხელისუფლებას ოკუპანტ ქვეყანაში წარმოებული პროდუქტიც იზიდავს. გორის საბავშვო ბაღები სწორედ რუსული საკვებით მარაგდება. ტრენაჟორებს კი ახლა იმ სოფლებში ამონტაჟებენ, რომელიც რუსეთმა ჯერ დაბომბა, ახლა კი მათ ოკუპაციას ახორციელებს.