ირაკლი ღარიბაშვილმა რუსთავში, მერობის კანდიდატის წარდგენის დროს, მოსახლეობას 2012 წლამდე პერიოდზე ესაუბრა და კიდევ ერთხელ დაადანაშაულა წინა ხელისუფლება აგვისტოს ომში:
"პოლიტიკურ ძალას, მმართველს და ხელისუფლებას, რომელიც საკუთარი უგუნური პოლიტიკით დაკარგავს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიებს, არა თუ უბრალოდ არ უნდა ჰქონდეს რაიმე სურვილი, ან მოტივაცია, ხელისუფლებაში დაბრუნდეს, არამედ, მას არ აქვს არავითარი მორალური უფლება, დარჩეს პოლიტიკაში“ - ამბობს ღარიბაშვილი.
მისივე თქმით, 2012 წლამდე იყო ავტორიტარული რეჟიმი, რომელიც "პერსპექტივას არ უტოვებდა" ქვეყანას და მოსახლეობას"
"მოგეხსენებათ, რომ 2012 წელს ძალიან რთული ვითარება იყო ქვეყანაში. ავტორიტარული რეჟიმი პრაქტიკულად არავითარ პერსპექტივას არ უტოვებდა ჩვენს მოსახლეობას. ძალადობა, ტერორი, საკუთარი მოსახლეობის ჩაგვრა- ეს იყო ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი. ამას გარდა, რა თქმა უნდა, ვიხსენებთ რა აგვისტოს მძიმე დღეებს, კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ, თუ რაოდენ გამოუსწორებელი შედეგები მოიტანა აგვისტოს ომმა. ეს უმძიმესი ომი ვერ აარიდა წინა ხელისუფლებამ ჩვენს მოსახლეობას. ვერ დაიცვა ჩვენი ქვეყანა და მაშასადამე, ვერ დაიცვა ჩვენი ხალხი. შედეგად, ჩვენ მივიღეთ ჩვენი ტერიტორიების 20% -ის ოკუპაცია, ე.წ. აღიარების პოლიტიკა, ათასობით ჩვენი მოქალაქის დევნილობაში გადმოყვანა და რაც მთავარია, ძალიან დიდი მოუშუშებელი ტკივილი, ეს არის ჩვენი გმირი სამხედროების, პოლიციელების, ჩვენი სხვა სამოქალაქო პირების გმირული დაღუპვა ომში." ამბობს ღარიბაშვილი.