ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ რეგულაციების დაწესებაზე მნიშვნელოვანი მათი აღსრულებაა. ტიკარაძის თქმით, თუკი დღეს არსებული რეგულაციები ხარისხობრივად აღსრულდება, ინფექციის გავრცელების სიჩქარე შემცირდება.
"ნებისმიერი რეგულაცია დღეს არის მნიშვნელოვანი, მაგრამ რეგულაციის დაწესების მიღმა, დღეს ჩემთვის, როგორც ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლისთვის და არა მინისტრისთვის, მნიშვნელოვანია ამ რეგულაციების ხარისხობრივად აღსრულება.
თუ ეს რეგულაციები ხარისხობრივად აღსრულდება, დარწმუნებული ვარ, შევძლებთ, გარკვეულწილად, შევაკავოთ ინფექცია. ეს არ იქნება 80 ან 90%-იანი ეფექტი, თუმცა ამას შეიძლება ჰქონდეს დაახლოებით 20%-იანი ეფექტი და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ შევამციროთ ინფექციის გავრცელების სიჩქარე",- თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.
რაც შეეხება ჟურნალისტების შეკითხვას, რამდენად მუშაობს ფინანსური ჯარიმები რეგულაციების აღსრულებისთვის, ტიკარაძემ თქვა, რომ ადამიანების ქცევის სამართავად, მხოლოდ ფინანსური სანქციები ეფექტური არ არის. მან მოსახლეობას მოუწოდა, რომ გამოიჩინონ კეთილგონიერება და კეთილსინდისიერება და დაიცვან ის რეგულაციები, რომლებიც არსებობს.
დღეს, 10 აგვისტოს საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებისა და სიკვდილიანობის დღიური მაჩვენებლის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით კიდევ 54 ადამიანი გარდაიცვალა, ვირუსი კი დამატებით 5 697 ადამიანს დაუდასტურდა.