4 მილიონ ლარზე მეტს სუს-ი წინასაარჩევნოდ, ოპერატიული დანიშნულების მანქანების შესაძენად დახარჯავს. ერთ შემთხვევაში კონსოლიდირებული ტენდერი აუქციონის გარეშე 2 მილიონ 700 ათას ლარად 3 აგვისტოს გამოცხადდა და წინადადებების მიღება გუშინ, 9 აგვისტოს დასრულდა.
აუცილებელი პირობაა 40 სედანიდან 20 ერთეული იყოს მუქი რუხი, 15 ღია რუხი და 5 - თეთრი.
3 აგვისტოს გამოცხადებული კიდევ ერთი მილიონნახევრაზე მეტი ლარის ტენდერით ძალოვანი უწყება 20 ოპერატიული ავტომობილის შეძენას გეგმავს, მიზნობრიობა არც ამ შემთხვევაშია განსაზღვრული.
სწორედ ამიტომ სუს-ის შესყიდვებზე კითხვები აქვთ კორუფციის მკვლევარებს.
ორივე ტენდერის შემთხვევაში მხოლოდ ერთი პრეტენდენტი კომპანია ჰყავს- შპს კია საქართველო, რომლის 50%-იანი წილის მფლობელი "იბერია ბიზნეს ჯგუფია", თავის მხრივ ამ კომპანიის 100% წილის მფლობელი და მესაკუთრე აი-ბი-ჯი ჰოლდინგია, ეს უკანასკნელი კი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილი მინისტრის , ტარიელ ხეჩიკაშვილის კომპანიაა.